მოსახლეობის დახმარების ნაცვლად თაგვების საკვებად ქცეული პროდუქტები – აღმოჩენილია საწყობები, სადაც სტიქიით დაზარალებული გურიის მოსახლეობისთვის განკუთვნილი პროდუქტები უბრალოდ ფუჭდება. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა თვეებია ელოდება დახმარებას, თუმცა მათთვის განკუთვნილი საკვები ადრესატამდე არ მიდის. ერთ ასეთ საწყობს ლანჩხუთის კულტურის სახლში მიაკვლიეს.
მოსახლეობა გაოგნებულია. მათთვის განკუთვნილი ფქვილი, წიწიბურა, შაქარი საწყობის დერეფანში ლპება. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სტიქიით დაზარალებული გურიისთვის 3 თვის წინ გაიგზავნა, უპატრონოდ არის მიტოვებული. ადგილობრივი ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია გადასული, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე გაჭირვებული ხალხისთვის განკუთვნილ საკვებს ახლა მღრღნელები მიირთმევენ.