“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ დაპირისპირებას პარტიის შიგნით წერტილი უნდა დაესვას. “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” მან თქვა, რომ არავინ არავის გარიცხვას არ აპირებს.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გუნდს ჰქონდა განაწყენების საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც სოლიდარულია, მაგრამ წყენა გვერდით უნდა გადადონ.
“ადამიანი, მართლა, რომელიც პარტიას ლანძღავს, თან იგივე სიტყვებით, რასაც ქოცები აკეთებენ ხომ, რომ ჩვენ არაფორმალური მმართველობა გვაქვს და ასე შემდეგ, ხომ?! ის იყენებს თავის თავს ამ გუნდის გარეთო, თორემ ჩვენ გავრიცხავთო კი არ უთქვამს [ლევან ბეჟაშვილს]. არავინ არავის არ რიცხავს. არ ხდება ფორმალიზება. [ანუ პარტიაში რჩება?] ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, დე ფაქტოდ ადამიანი, თავს გუნდის გარეთ აყენებ, ეს არ არის არანაირი ფორმალიზების საკითხი. [არ გააფორმებთ იურიდიულად რომ გარიცხოთ?] არა. არავინ არავის არ რიცხავს….. არავინ არ აპირებს არავის გარიცხვას, მორჩა, წერტილი”, – თქვა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძე პარტიის წევრებს სთხოვა, რომ რაც საპატიებელია ერთმანეთს აპატიონ – “მიშას დავუდგეთ გვერდით, გთხოვთ”.
“ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი, შეცდომა იყო, მაგრამ ამ შეცდომას ნუ გადავაყოლებთ პარტიას. იმ პარტიას, რომელიც არის ხერხემალი მთელი პატრიოტული საზოგადოების”, – თქვა მან.