ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ჩხოროწყუს ინციდენტის დროს სახეზეა განათლების სამინისტროსა და სკოლის ვალდებულების შეუსრულებლობა.
“ჩვენ გვესმის ბავშვების ხმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათი, პრაქტიკულად, შესაძლებელია, ვთქვათ, ბავშვების იძულებაც სახეზეა, რომ ამ საქმიანობაში ჩაერთონ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები ჯერ კიდევ ნივთებად არიან აღქმულნი. ხდება ბავშვების განივთება. ნებისმიერი ასეთი პრეცედენტი არის ბავშვების განივთების კლასიკური მაგალითი”, – აცხადებს აბაშიძე.
ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
თავის მხრივ, მოსწავლეები ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოების დასასუფთავებლად მიყავდათ. ბავშვების თქმით, ისინი საპირფარეშოების დასასუფთავებლად ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა.
ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას თქმით, ეთერ ჯაფარიძე მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია და მას ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამოეწურა. ამასთან, გოგუა აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩხოროწყუს მერიის შენობაში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ჩხოროწყუს მერიის შენობასთან აქტივისტები აქციას მართავენ, ისინი გოგუას გადადგომას მოითხოვენ.
თავად ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მომხდარს არ ნანობს.
“დასანანი აქ არაფერია. როცა მთლიანად აქცია კეთდება და დედამიწის დღეს ორდღიანია და ყველა ბავშვები ტყესა და ღრეში რომ არიან, ის დანაშაული არის თუ არა?”, – აცხადებს ჯაფარიძე.
რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი თქმით, ეთერ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ იყო დასუფთავების პროექტი და ამ პროექტში სხვადასხვა სკოლები იყვნენ ჩართულნი. დირექტორის თქმით, მისი ინფორმაციით, ჯაფარიძე დასუფთავების თანამშრომელი იყო.
საქმეზე მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტრომაც.