რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია მთლიანად შეჩერებულია. რატომ წავიდა ახალდანიშნული პრემიერმინისტრის ამ დათმობაზე და უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიკოსების გულის მოგებას?
ირაკლი კობახიძემ ექიმებთან ორდღიანი აუდიენციის შემდეგ გამოაცხადა, რომ საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ მოხდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ფუნქციონირებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში იგივე შენობაში გააგრძელებს. პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება რესპუბლიკურის ტერიტორიის ნაწილს პრივატიზაციისთვის ამზადებს.
კობახიძე დღეს ოცნებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმეთვიან პროპაგანდასა და მტკიცებას, რომ შენობის მდგრადობას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ხაზი გადაუსვა. ირაკლი კობახიძის თქმით, შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს.