საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მთავრობის რიტორიკა შეიცვალა. ამის შესახებ მან Chatham House-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დისკუსიისას დასმულ კითხვაზე პასუხად დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს “ორაზროვან პოზიციაზე” პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა. პრეზიდენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებიდან და ასევე, პრემიერის ცვლილებიდან, “ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ”.

“არ ვიცი კითხვაზე პასუხი, რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში… არ ვარ დარწმუნებული, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან] მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. იმის გარდა, რომ საქართველოში, მთელ სპექტრზე ყველა სრულად პროევროპული გახდა, ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია. ეს ერთია.

ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერმინისტრის ცვლილებიდან ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. ისევ, არ მთხოვოთ ახსნა… შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, შეცვლილა ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის რიტორიკაც, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში “ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული” რიტორიკა ჰქონდა.

“მოულოდნელად, როგორც ახალმა პრემიერმინისტრი, ის პირველ რიგში ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ.

თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ, ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ. ასე რომ, ძალიან კარგია, რომ ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხარ”, – თქვა ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share