“მაინც მოუწევთ”- ხუხაშვილი „ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო – მმართველი ძალა უარს ამბობს იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე, რომელთაც ბოიკოტის ნიშნად, საკანონომდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰოთნიუსმა“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს შეაფასებინა.

„ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ აბსურდამდე მივიდა ეს საკითხი, სწორი გადაწყვეტილებაა. სჯობს, საღი აზრითა და ცივი გონებით იქნას გადაწყვეტილებები მიღებული ორივე მხრიდან. პოლიტიკურ ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ სიტუაცია და ორივე მხარე უნდა იყოს მზად, რომ იმაზე მეტ დათმობებზე წავიდეს, ვიდრე თავიდან აპირებდა, რადგან მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი ხომ არ გვაქვს? – დიდ სურათში გვაქვს ძალიან ბევრი სხვა პრობლემაც და მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება პოლიტიკურ ელიტას.“

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უპირობოდ არ უნდა მიიღოს:

„მოლაპარაკებები იმისთვისაა საჭირო, რომ რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც მეტი უნდა დათმოს სხვადასხვა მიმართულებით. რაზე შეიძლება შეთანხმება – ამაზე საუბარი შორის წაგვიყვანს, აქ დიდი, ფართო შეთანხმება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დარჩეს მოგებული, ეს ხომ არ არის მარტო პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტი? – ამომრჩეველი დგას ყველაფერ ამის უკან.“

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ბურთი ახლა პოლიტიკურ მოედანზეა და ორივე მხარე უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ წავიდეს სერიოზულ დათმობაზე.

„არსებული პირობებით, ისევ ჩიხში შევა სიტუაცია და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევთ უფლებამოსილების მოხსნა. ასე რომ, ბურთი მოედანზეა…“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share