“რუსი დიქტატორი მორიგ სიმულაციურ არჩევნებს ატარებს… ეს ჰააგის სკამზე უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინს სამართლიანობის ეშინია.
“ამ დღეებში რუსი დიქტატორი მორიგ სიმულაციურ არჩევნებს ატარებს. მსოფლიოში ყველას ესმის, რომ ეს ფიგურა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, უბრალოდ დაავადებულია ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად. მსოფლიოში არავინაა, ვინც ამისგან დაზღვეული იქნებოდა.
მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ ყველაფერს თავის სახელს უწოდებს.
ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკეთებს, დანაშაულია. სამართლიანი შურისძიება უნდა იყოს იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ომში რუსმა მკვლელებმა პუტინის უწყვეტი ძალაუფლებისთვის გააკეთეს. მას ყველაზე მეტად მხოლოდ ერთი რამის ეშინია – სამართლიანობის. არჩევნების ამ სიმულაციაში ლეგიტიმაცია არ არის და არც შეიძლება იყოს. ეს ჰააგის სკამზე უნდა დასრულდეს. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ყველამ მსოფლიოში ვინც სიცოცხლეს და წესიერებას აფასებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.