„შემაშფოთებელია განცხადებები, რომელიც ისმის საქართველოდან წამოსულ ადამიანებთან მიმართებით,“ – ასე ეხმაურება სახელისუფლებო გუნდის მიერ ემიგრანტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ემიგრანტი დავით გელაშვილი.
გელაშვილისთვის შეურაცხმყოფელია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ემიგრანტების მიმართ გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს დეზინფორმაციაა, რომ უამრავი ქართველი ტოვებს ქვეყანას. როგორც გელაშვილი ამბობს, სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანაში თავის რეალიზება ვერ მოახერხა, იძულებული გახდა, რომ საქართველო დაეტოვებინა.
დავით გელაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და თავის გადასარჩენად.
”შემაშფოთებელია განცხადებები, რომელიც ისმის საქართველოდან წამოსულ ადამიანებთან მიმართებით. ეს უბრალოდ შემაშფოთებელია, დანაშაულია, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლების, რომელმაც დაუშვა, რომ მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩავარდნილიყო ასეთ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, რის შემდეგაც ადამიანებმა საკუთარი სახლები გაყიდეს, რომ წასულიყვნენ უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ვხედავთ, რომ ეს ხალხი სტატისტიკის მსხვერპლია, ვითომ ეს ხალხი არასდროს არ გასულა, არც არასდროს უარესებია საქართველოში – ეს უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას ემიგრაციაში, რადგან ეს ხალხი, რომელიც საქართველოდან არის წამოსული და ცდილობენ გაიარონ ოჯახების გამო მექსიკის გზა, რომელიც ჩემს თავზე გამოვცადე, ეს დღეები იყო ჩემთვის კოშმარული, ფიზიკურად იყო ძალიან რთული, ერთი პროცენტიც არ გქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა იქ, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა საშუალება არ გვქონდა, რომ არ დაგვეტოვებინა ქვეყანა.
ეს გზა იყო საკმაოდ რთული – ევროპის გავლით ჩავფრინდით მექსიკაში და მექსიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო ჯოჯოხეთი, ფაქტობრივად, შენ ხარ ტყვე ადამიანი, რომელსაც უკვე აღარაფერი გაგაჩნია, ხარ დამოკიდებული ვიღაც პიროვნებებზე და არ გაქვს სხვა გზა, რომ არ დაემორჩილო… შიდა გზები, რომელიც მექსიკაში გავიარეთ იყო რთული გზა, წარმოუდგენელი ნერვიულობის ფონზე და საზღვრის გადალახვის დროს გავიარეთ წყალში, სადაც იყო ძალიან ღრმა არხი და ჩემთან ერთად იყო 65 წლის ქალბატონი, ეს ჩემს მეხსიერებას არ დაავიწყდება, წარმოუდგენელია, როცა ხედავ ამხელა ადამიანი ასეთ რთულ გზას გადის, მადლობა ღმერთს, რომ შევძელით იმ დამბის გავლა, ძალიან ციოდა იმ ტერიტორიაზე და ფაქტობრივად, სიკვდილს ვებრძოდით იმდენად რთული იყო იქ გაჩერება ტანსაცმლის არქონის და დაძაბულობის პირობებში და თურმე ეს ადამიანები არც არსებობენ, ისე ხატავს ხელისუფლება,“ – ამბობს დავით გელაშვილი.