ბრიტანეთი პრინცესას ეძებს – სად არის ქეით მიდლტონი?

ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 2 თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. მისმა გაუჩინარებამ შეთქმულების მრავალი თეორია წარმოშვა. კონსპიროლოგიის ჩაცხრობას არ დახმარებია არც ქეით მიდლტონის ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო, რომელიც გამოაქვეყნეს, შემდეგ კი წაშალეს.

ამბავი დეკემბრიდან იწყება.

ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი

ქეით მიდლტონი ბოლოს საჯარო სივრცეში 2023 წლის 25 დეკემბერს საშობაო ღონისძიებაზე გამოჩნდა, 2024 წლის 16 იანვარს კი კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის ჩატარების შესახებ საზოგადოებამ მეორე დღეს, 17 იანვარს – კენსინგტონის სასახლის განცხადებით გაიგო. სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ქეითი საჯარო მოვალეობების შესრულებას აღდგომის შემდეგ დაუბრუნდება.

ამის შემდეგ, 29 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონმა კლინიკა დატოვა და პოსტოპერაციული პერიოდი სახლში, ადელაიდას კოტეჯში გააგრძელა. 2 თებერვალს სასახლემ “სრული აბსურდი” უწოდა გავრცელებულ ჭორებს, რომ ქეითი კომაშია.

29 თებერვალს კი სასახლის წყარო იტყობინებოდა, რომ ქეითი თავს უკეთ გრძნობს. თუმცა, ამის პარალელურად, პრინცი უილიამი არ დაესწრო მემორიალურ ცერემონიალს, რომელიც მის ახლახან გარდაცვლილ ნათლიას მიეძღვნა, მიზეზად კი “გაუმჟღავნებელი პირადი საკითხი” დაასახელა.

ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო

4 მარტს ქეით მიდლტონის ფოტო გავრცელდა, სადაც ის მანქანაში დედასთან ერთად ზის, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე, მის ავთენტიკურობაში ეჭვი ბევრს შეეპარა.

Image removed.

10 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით და, სავარაუდოდ, საზოგადოების დასამშვიდებლად ქეითმა სოციალურ ქსელებში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლის ნამდვილობაც რესპექტაბელურმა მედიებმა ეჭვქვეშ დააყენეს. საერთაშორისო გამოცემებმა ფოტო თავიანთი ვებგვერდებიდან აიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ ფოტო ციფრული მანიპულაცია იყო.

მედიების აღმოჩენილი ხარვეზები ხალხმაც აიტაცა და ფოტოშოპის რამდენიმე კონკრეტული კვალის გარდა, ფოტოს რეალურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

Image removed.

11 მარტს ქეით მიდლტონმა შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა და საკუთარ თავს “მოყვარული ფოტოგრაფი” უწოდა, რომელიც ფოტოების დამუშავებისას ექსპერიმენტებს ატარებს.

იმავე დღეს კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, რომელზეც, შესაძლოა, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი არიან ასახულები, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არავის დაუდასტურებია. სოციალურ ქსელის მომხმარებლების ნაწილი ქეითის უკან მდებარე აგურის კედლების განლაგებაზე დაყრდნობით იმასაც კი ეჭვობს, რომ ფოტოში უელსის პრინცესა ჩაამონტაჟეს.

Image removed.

17 მარტს ტაბლოიდებმა The Sun და TMZ ვიდეო გაავრცელეს, რაც, მათი მტკიცებით, ახალია და პრინც უილიამსსა და ქეით მიდლტონს ასახავს. ვიდეომ კონსპირაციები ვერ მოსპო – გაჩნდა ახალი თეორია, რომ ქეით მიდლტონს ორეული ჰყავს.

კონსპირაციული თეორიები

ხალხმა ქეითის დედის დღისადმი მიძღვნილ ფოტოზე, ფოტოშოპის გარდა, კიდევ ერთი რამ შენიშნა – ქეითს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. ამან მიძინებული ჭორები გამოაღვიძა და ფანტაზიას გასაქანი მიეცა.

ცნობილმა შოუმენმა, სტივენ კოლბერმა ღამის შოუს მონოლოგის ნაწილი პრინც უილიამის შესაძლოს ღალატის შესახებ ხუმრობას დაუთმო.

ქეითი წლების განმავლობაში მეგობრობდა როუზ ჰამფრისთან (Sarah Rose Cholmondeley, Marchioness of Cholmondeley), ყოფილ მოდელთან და პოლიტიკის მკვლევართან, რომლის ოჯახსაც მრავალი კავშირი აქვს სამეფო ოჯახთან. Როუზი და მისი ქმარი ასევე ქეითისა და პრინც უილიამის მეზობლები არიან. 2019 წელს ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერდა,  რომ ქეითი აღარ მეგობრობს როუზთან უცნობი მიზეზების გამო. ამის საფუძველზე, გავრცელდა ჭორი როუზისა და პრინც უილიამის შესაძლო ინტიმური ურთიერთობის შესახებ. მართალია ადიულტერის არც მტკიცებულება და არც დასტური დღემდე არ არსებობს, მაგრამ “გაუჩინარებასთან” დაკავშირებული მისტიფიკაციები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ძველი წარმოსახვების ახალი სიცოცხლისთვის.

პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და როუზ ჰამფრი

სოციალური ქსელების მომხმარებელთა და ქუჩის გამოკითხვაში მონაწილე ადამიანთა ნაწილი ფიქრობს რომ ქეითი განქორწინებაზე ფიქრობს.

განქორწინებასთან ერთად ტაბლოიდებში სხვა კონსპირაციულ თეორიებსაც აგებენ. ერთი ასეთით, ოპერაციას გართულება მოჰყვა, რის გამოც ექიმებმა მიდლტონი კომაში ხელოვნურად შეიყვანეს. “მშობიარობის შემდეგაც კი, ქეითი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩნდა, მისთვის ამდენი ხნით საჯარო ცხოვრებიდან დამალვა ძალიან უჩვეულოა” – ამბობენ ანალიტიკოსები ქუჩებიდან და ასკვნიან – რომ პრინცესასა და საჯაროობას შორის ჩადგომა მხოლოდ ფიზიკურ უუნარობას თუ შეეძლო.

ქუჩის ექსპერტებს მრავალი ვერსია აქვთ – ქეითს სამეფო ოჯახთან უთანხმოება აქვს და ისინი ბავშვების მომავალზე ვერ თანხმდებიან, ქეითმა საჯდომის აწევის ბრაზილიური პროცედურა გაიკეთა, რასაც 2-3 თვე სჭირდება სრულად გამოსაჯანმრთელებლად…

17 მარტს გავრცელებულმა ვიდეომ ეჭვები მხოლოდ გაამრავლა. სოციალურ ქსელებში აქტიურად არკვევენ ვიდეოში გამოჩენილი ქალის სახის ფორმას, სიმაღლეს… თეორიის ავტორები მტკიცებით, ვიდეოში გამოსახული ქალის ლოყა არ ჰგავს ქეითის ლოყას, ხოლო ისინი, ვისაც პრინცესას აზომვითი სამუშაოები უფრო ართობს, ამტკიცებენ, რომ ქეითის სიმაღლე ვიდეოში, არ ემთხვევა ქეითის სიმაღლეს რეალობაში.

ტრენდები

ქეითის გაუჩინარებამ ყველა სოციალური ქსელი იმდენად მოიცვა, რომ მის შესახებ კონსპირაციებს “Katespiracies” შეარქვეს. შეშფოთებული ხალხისა და მათი თეორიების გვერდით შეგხვდებათ სხვადასხვა ბლოგერის ვიდეო, რომლებმაც ამბავზე კაპიტალიზება დაიწყეს. Სოციალური ქსელის მომხმარებელმა ასევე, არაერთი სიმღერა გადააკეთეს – მაგალითად, “I’m just Ken” [მე უბრალოდ კენი ვარ] “Where is Kate-ით” [სად არის ქეითი] შეიცვალა.

ქეითის გაუჩინარებას ცნობილი ადამიანებიც ეხმაურებიან. კიმ კარდაშიანმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებს წააწერა – “On my way to go find Kate” [წავედი ქეითის საპოვნელად], რაც გამორჩეულმა მონარქისტებმა სამეფო ოჯახის დაცინვად აღიქვეს.

ქეით მიდლტონი ტოქშოუებშიც არაერთხელ ახსენეს. სტივენ კოლბერის გარდა, ქეითის სახელი სატირული ახალი ამბების გადაცემა The Daily Show-შიც გაისმა, სადაც 6-წუთიანი სიუჟეტი მოამზადეს, რომელშიც კომიკოსმა და “უფროსმა კორესპონდენტმა” მაიკლ კოსტამ თქვა, რომ თუ აქამდე არ აინტერესებდა უელსის პრინცესა, მძიმედ დამუშავებული ფოტოს შემდეგ ამბავმა ბოლომდე ჩაითრია.

კონსპირაციები გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ქეით მიდლტონი საჯაროდ არ გამოჩნდება. სასახლეს ხალხის ხმა ესმის, მაგრამ არ ჩქარობს. ვინ იცის, იქნებ უინძორებს ურჩევნიათ კიდეც, მათმა ბრიტანელმა რძალმა მედიის ყურადღების ცენტრში ამერიკელზე დიდი დრო გაატაროს? ესეც ახალი კონსპირაცია…

ტაბულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share