„რა დაგიშავეს ემიგრანტებმა? “ – საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე დარჩიაშვილი პარლამენტს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ „ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების საჭიროებაზე… ისევ ამ აზრზეა.

ოპოზიციას რამდენიმე თვეა, დაწყებული აქვს კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა მოახერხოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა. ამ საქმის ორგანიზება კი ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება. საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვე დარჩა.

მინისტრი დარჩიაშვილი, რომელიც ამ საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს, პარასკევს, 22 მარტს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა დეპუტატების წინაშე.

„უკვე ძალიან დააგვიანეთ, დამატებითი უბნების შესაქმნელად სერიოზული ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, მაგრამ ჯერაც არის დრო“, – უთხრეს დეპუტატებმა მინისტრს.

ამ სტატიაში შევაჯამებთ მთავარ არგუმენტებს, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ამ საკითხზე აქვთ.

მაგრამ მანამდე, დავიწყოთ მონაცემებით:

რას ამბობს რიცხვები

ქართველი ემიგრანტების, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა დაუზუსტებელია.

ზოგიერთ წყაროს თუ დავუჯერებთ, მაჩვენებელი მილიონსაც კი აჭარბებს.

დათვლადი მონაცემები ასეთია: 2012-2022 წლებში საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა თითქმის 245 ათასი ადამიანი.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 112 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა.

და ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს, საზღვარგარეთ ხმის მისაცემად მივიდა… მხოლოდ 12 ათასი ამომრჩეველი.

მართალია, 2020 წელს ამომრჩევლის აქტივობა არ იყო მაინცდამაინც მაღალი, – ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთთან ამომრჩეველთა 56.1% მივიდა, – მაგრამ საზღვარგარეთ ხმის მიმცემთა მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო.

მიზეზები?

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ საკითხზე რამდენიმე თვეა, მუშაობენ, ამბობენ, რომ დაბალ აქტივობას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  1. საზღვარგარეთ ბევრი ადამიანი ცხოვრობს არალეგალურად (მათი რიცხვიც ასევე უცნობია) და ისინი, დეპორტაციის შიშით, არც კი არიან დარეგისტრირებულები ამა თუ იმ ქალაქში, რომ ხმის მიცემა შეძლონ. არადა, რეგისტრაცია – ფორმალურ ენაზე რომ ვთქვათ, „საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა“ – აუცილებელი პირობაა ხმის მისაცემად. მაგრამ რეგისტრაცია საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და მას დეპორტაცია არ მოჰყვება.
  2. არასაკმარისია საარჩევნო უბნები – 2020 წელს, მაგალითად, მხოლოდ 50 იყო. უბნების სიმწირე ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს სხვა ქალაქში მოუწევს გამგზავრება, რაც დამატებითი ხარჯებია;

ძირითადად სწორედ ამ ორ საკითხის განსახილველად დაიბარეს დეპუტატებმა – „ევროოპტიმისტებმა“ და 5-მა უპარტიო დეპუტატმა, – მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

კითხვებიც ასეთი იყო:

  1. რას აკეთებს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ აამაღლოს ცნობიერება, რომ საკონსულო აღრიცხვა დეპორტაციას არ გამოიწვევს? გეგმავს თუ არა ასეთ კამპანიას?
  2. გეგმავს თუ არა სამინისტრო დამატებითი საკონსულოების გახსნას, რათა საარჩევნო უბნების რაოდენობაც გაიზარდოს და მოქალაქეებს ათასობით კილომეტრის გავლამ არ მოუწიოთ?

 

მინისტრს ძირითადი კითხვები „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა
მინისტრს ძირითადი კითხვები „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა

როგორ უყურებს სახელმწიფო ამ პრობლემას?

საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხებიდან ირკვევა, რომ მთავრობას მიაჩნია, საინფორმაციო კამპანიას ეფექტურად აწარმოებს და არც დამატებითი საკონსულოების გახსნას გეგმავს სპეციალურად არჩევნებისთვის, – დიდ ბიუროკრატიას უკავშირდებაო.

დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ მოითხოვს საკონსულოში/საელჩოში მისვლას. ეს პროცედურა გამარტივებულია და სამინისტროს შეიძლება მიმართონ ფოსტით ან სულაც ვებ-გვერდიდანაც, „ონლაინ“. თანაც უფასოდ.

კითხვებს რაც შეეხება, – მინისტრის პასუხები მოკლედ რომ შევაჯამოთ, ასეთია:

  1. მთავრობის წარმომადგენლები დიასპორას რეგულარულად ხვდებიან და განუმარტავენ, რომ აღრიცხვაზე დადგომა პრობლემებს არ შეუქმნით. ცესკო და საგარეო უწყება კი საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ.
  2. ახალი უბნების გახსნა ფაქტობრივად ნიშნავს ახალი საკონსულოს ან ვიცე-საკონსულოს მოწყობას, ამის წესს კი ვენის კონვენცია განსაზღვრავს და მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის თანხმობით შეიძლება. ეს „გახლავთ კომპლექსური საკითხი“, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის შიდა რეგულაციების გათვალისწინებით, „რამდენიმე თვეც შეიძლება გაგრძელდეს“.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი (მარჯვნივ) პარლამენტში
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი (მარჯვნივ) პარლამენტში

დამაზუსტებელი კითხვები – უპასუხოდ

„ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს ორჯერ ჰკითხა, თუ რომელ ქვეყნებთან ჰქონდა საგარეო უწყებას მოლაპარაკებები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

„რომელ ქვეყანასთან გამართეთ დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით კონსულტაციები? თუ დრო სჭირდება, – კი ბატონო, ეს მესმის, – 2020 წლის არჩევნების დაბალი აქტივობის შემდეგ, როდესაც 12 000-ზე ოდნავ მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც უნდა აწუხებდეს სახელმწიფოს, – რა იყო თქვენი ნაბიჯები? რომელ ქვეყანას ესაუბრეთ? მათ რა გითხრეს, არ გაგახსნევინებთ საკონსულოებსო“? – იკითხა დეკანოიძემ.

„გამიჩნდა განცდა, რომ არ მისმენდით“, – უპასუხა მინისტრმა დეპუტატს და კიდევ ერთხელ თქვა:

„ყველას უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც დროებით იმყოფება საზღვარგარეთ, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, რათა ზუსტად ვიცოდეთ მათი რაოდენობა, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ. ნაცვლად ჰიპოთეზური მოწოდებისა, რომ დაიწყოს პროცესი, რაც დღეში 3 ახალ საკონსულოს გახსნის, მოგიწოდებთ, რომ მოუწოდოთ მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ! ესაა ნომერ პირველი პრიორიტეტი“.

დარჩიაშვილის პასუხის თანახმად, ჯერ საკონსულო აღრიცხვა უნდა მოხდეს, და იმის მიხედვით გადაწყდება, გაიხსნება თუ არა ახალი საკონსულო და, შესაბამისად, უბანი:

„მას შემდეგ, რაც ყველანი ერთად შევძლებთ, მოვახდინოთ ზუსტი მონაცემების აღრიცხვა და გვეცოდინება ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელი, ეს მოგვცემს შემდეგი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან განიხილა იტალიის ქალაქ ბარის მაგალითი – იქ საქართველოს საკონსულოს გახსნისთვის მუშაობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ერთი წლამდე პერიოდი დასჭირდა. „ეს ადასტურებს, რომ საკონსულოს გახსნა არ არის დაკავშირებული არჩევნებთან“, – თქვა მინისტრმა.

„რამდენი მოვა წელს არჩევნებზე“?

მინისტრის ინტერპელაციას პოლიტიკური განცხადებებისა და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

„2020 წელს რომ 12 000-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ესაა ემიგრანტების მხოლოდ ერთი პროცენტი. სამარცხვინო რიცხვია. ეს არის დაცინვაა იმ ხალხისა, ვინც არამხოლოდ არჩენს საკუთარ ოჯახს, არამედ ვინც გადაარჩინა ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

 

დეპუტატი რომან გოცირიძე: „რამდენი ადამიანი მივა წელს [საზღვარგარეთ] არჩევნებზე?“
დეპუტატი რომან გოცირიძე: „რამდენი ადამიანი მივა წელს [საზღვარგარეთ] არჩევნებზე?“

„რა გახდა, რომ ადამიანებმა ოთხ წელში ერთხელ მოახერხონ, გამოხატონ ნება და მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების ფორმირებაში? გვითხარით, რამდენი მოვა წელს არჩევნებზე? ისევ 12 ათასი“? – იკითხა გოცირიძემ.

„რეგისტრაციისას არ მივათითებინოთ მისამართი“

„გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა, რომ „არაფერში წერია, რომ აშშ-ში, სადაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქეა, სულ რაღაც სამი-ოთხი ადგილი გვქონდეს, სადაც ხმის მიცემა შეიძლება“. 2020 წელს აშშ-ში ოთხი უბანი იყო გახსნილი: ნიუ-იორკში ორი, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში კი თითო-თითო.

ჰერმან საბოს ცნობით, „გირჩს“ პრაქტიკული შეთავაზება აქვს და ვითარების გამოსასწორებლად კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული.

 

„გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო
„გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო

„რადგან საზღვარგარეთ ბევრი ადამიანია სხვადასხვა იურიდიული სტატუსით, – არალეგალად, ზოგი ასე ზოგი ისე, – შეიძლება, არ სურდეთ რეალური საცხოვრებელი ადგილი მიუთითონ. ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პატარა ცვლილებას, რომ რეგისტრაციისას საკონსულოში არ ჰქონდეთ ვალდებულება, მიუთითონ მთლიანი მისამართი, და მხოლოდ ქალაქის მითითება იყოს საკმარისი“, – თქვა დეპუტატმა ჰერმან საბომ.

„რა ქნან რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა?“

ეს კითხვა „ევროპული სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ დასვა.

„ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაშია. რა ქნან იმათმა? დავუშვათ, რომ შევასრულეთ ის მოთხოვნები, რასაც ითხოვენ. ისინი ხომ დაჩაგრულები გამოდიან“? – იკითხა მან.

რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ და შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ჰყავთ წარმომადგენლობები თბილისსა და მოსკოვში.

 

დეპუტატი ინჯია: „რა ქნან რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა?“
დეპუტატი ინჯია: „რა ქნან რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა?“

„აქ არ დგას საკითხი, რომ შვეიცარიის წარმომადგენლობაში გაიხსნას საარჩევნო უბანი. ეს ვერ ხერხდება, იქიდან გამომდინარე, რომ არაა დიპლომატიური ურთიერთობა“, – თქვა ინჯიამ და ამის შემდეგ თავად დასახა გამოსავალი:

„არის მეორე გზა: დამატებით [უბანი] გაიხსნას [ბელარუსის დედაქალაქ] მინსკში, რომელიც უფრო ახლოსაა. სხვა გამოსავალი აქ არ არის“.

„რა დაგიშავეს ემიგრანტებმა“?

ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის გამოსვლას მოჰყვა. მას რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა.

„რა დაგიშავეს ემიგრანტებმა“? – ასე დაიწყო მან გამოსვლა, რასაც მალევე მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატების ხმაურიანი შეძახილები.

ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, 15 ქალაქიდან 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს უბნების გახსნის თხოვნით, თუმცა მათ ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი.

„ტორონტო, ლეჩე, მანტუა, ნეაპოლი, ვალენსია, კარლსრუე, ჰამბურგი, ანტვერპენი, მაიამი, ბოსტონი, ცინცინატი… მოგმართეს. გთხოვენ, გეკითხებიან, გაუხსნით თუ არა საარჩევნო უბანს ამ ქალაქებში“, – თქვა მან.

დაპირისპირება გაამწვავა ვაშაძის ნათქვამმა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ასიათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

„სტარეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს დღეს რამდენჯერმე გააწყვეტინეს გამოსვლა
„სტარეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს დღეს რამდენჯერმე გააწყვეტინეს გამოსვლა

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო… იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ვაშაძეს.

ყაველაშვილმა გამოსვლა გააწყვეტინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასაც: „არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო“, „შენი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები“.

„თუ გარბიან, რატომაა ამხელა საცობი“?

მმართველი პარტია ჩაეჭიდა გიორგი ვაშაძის დასახელებულ რიცხვს, – მან თქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 800 000 ადამიანი გახდა იძულებული, ქვეყნიდან წასულიყო, – და ამაზე გააკეთეს აქცენტი.

„ვაშაძემ რაც ისაუბრა ყველაფერი იყო ტყუილი“, – თქვა მინისტრმა დარჩიაშვილმა.

„ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ „800 000-ზე მეტი კი არის გასული, მაგრამ ამათში შედის საქმიანი ვიზიტით, სამკურნალოდ, სასწავლოდ თუ პოლიტიკური მიზნებისთვის გამგზავრება – ვაშაძე თვითონაც იმ 800 000-ში შედის – და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი გავიდა და არ დაბრუნებულა“.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე

„ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის“, – განაცხადა ხუნდაძემ. თქვა ისიც, რომ ემიგრაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფრო მწვავე პრობლემა იყო, „მაგრამ მაშინ არავინ საუბრობდა და დღეს სულ ეს ინფორმაცია ტრიალებს“.

„ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურის მოძრაობის“ „სინდისზე და მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-24 წლებში გასული ადამიანების სრული რაოდენობის ორი მესამედი“.

„თუ გარბიან, თბილისში რატომაა ამხელა საცობი“? – იკითხა ხუნდაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია „ნიანგის ცრემლებით საუბრობდა ემიგრაიაზე“.

მინისტრმა დარჩიაშვილმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „თავიდან სერიოზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი, რომ ოპონენტების მიზანი არ იყო, კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ“.

მას არ უპასუხია ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე: რამდენი უბანი გაიხსნება 2024 წლის საპარლემენტო არჩევნებზე.

რადიო თავისუფლება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share