“დავით გარეჯის 10 მონასტერი ცხოველების და ფრინველების თავშესაფრადაა ქცეული… რაც გაქვთ, იმას მიხედეთ ” – დეკანოზი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება და სამონასტრო კომპლექსის ნაწილის საბჭოთა პერიოდში დაკარგვის ისტორიას იხსენებს.

დეკანოზის თქმით,  დავით გარეჯის კომპლექსი 17 მონასტრისგან შედგება. მათგან 10 კი მიტოვებული და მოუვლელია.

“ეს ერთი კვირაა, შემძაგდა ფეისბუკში სიახლეების შეხედვა, არც არაფერი დავწერე ამ საკითხზე, ვუყურებ და რაც ხდება გარეჯის საკითხის და ივერი მელაშვილის შესახებ ესაა უბოროტესი, უბინძურესი შიდაქართული პოლიტიზირებული დაპირისპირება, ადამიანები მზად არიან დახოცონ ერთმანეთი და ამასობაში ეროვნულ საქმე კი არ კეთდება, ფუჭდება და საგარეო მტრებს და კონკურენტებს სასაცილოდ ეძლევათ საქმე. სამაგიეროდ, შინ დიდი პატრიოტებად თავის მოსაჩვენებლად იწყევლებიან და ილანძღებიან. სირცხვილია ეს!

დიახ, გარეჯი საქართველოა, მაგრამ წმ. დავითის ლავრის ფოტოებს რომ დააფრიალებთ, რომელიც არაა სადაო ტერიტორია და ჩვენი იურისდიქციის ქვეშაა, იმდენს ნუ იზამთ იქაც შევიდეს აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარი. დღეს ჯერ კიდევ ბევრი ქართველისაგან განდიდებული მოღალატე სტალინის პირდაპირი პასუხისმგებლობით, რომელიც იმ დროს ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისარი ანუ მინისტრი იყო, მოხდა ახალი საზღვრების გავლება საქართველო-აზერბაიჯანს შორის, საზღვრის ხაზზე მოქცეულ იქნა ჩიჩხიტურის, აღდგომის (წამებულის) და უდაბნოს სამი მონასტერი, ხოლო საზღვრიდან 10 კილომეტრით აზერბაიჯანის სიღრმეში მოექცა ბერთუბნის მონასტერი. დღეს საქართველოს საზღვრები საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აღიარებით საბჭოთა საქართველოს საზღვარს ემთხვევა, ესაა სამწუხარო რეალობა, რომლის შეცვლა შეუძლებელია და რომლის ზუსტი დადგენაც კი (დელიმიტაცია და დემარკაცია) პრობლემად იქცა. თუ გვსურს ჩიჩხიტურის, უდაბნოს, აღდგომის და ბერთუბნის დაბრუნება, ეს საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე და აზებაიჯანთან პოლიტიკურ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, ხოლო ერთმანეთის მიმართ მყვირალა სიტყვები და გულში მჯიღის ცემა ესაა უშედეგო და არაფრის მომცემი ფსევდოპატრიოტული ვიშვიში, რომლითაც აზერბაიჯანთან პრობლემა ვერ გადაწყდება.

 

გარეჯის მონაკვეთი არ შეთანხმებულა აზერბაიჯანთან, შესაბამისად მიწათმომწყობი მელაშვილი ვერაფერს გაყიდიდა. ესაა სპეკულაცია. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს და აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარი რომელ წელს სად იდგა და რას აკონტროლებდა, ეს უმნიშვნელო საკითხია, რამდენადაც ეს კი არ წყვეტს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არამედ საბჭოთა ხანის რუკები. თუ რაიმე დააშავა მელაშვილმა და ილიჩოვამ, 8 წლის მერე რატომ დაინტერესდა ხელისუფლება?! სად იყო ხელისუფლება და “პატრიოტები” 2013-2019 წლებში? მრცხვენია იმათ ნაცვლად, ვინც მელაშვილზე ძალადობას აქეზებს და მხარს უჭერს. თუ რაიმე დანაშაული აქვს, დავუცადოთ სასამართლოს განაჩენს, თქვენ ვინ დაგადგინათ მსაჯულებად მოყვასისა? არ შეიძლება პირადმა ბოღმამ (პიროვნული თუ პოლიტიკური ფაქტორებით ნაკვებმა) ასე დააბრმავოს ადამიანები, სამარცხვინოა!

 

საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ ქართველი ერი უაზროდ იმპულსური და არარაციონალურია, გაურკვეველი წარსულის და აწმყოს დეტალებში, ზედაპირულად მოაზროვნე და არც გარეჯი იციან და აინტერესებთ, თორემ გარეჯის 17 მონასტრიდან 13 მონასტერი ხომ საქართველოს კონტროლირებად და არასადაო ტერიტორიაზეა და მათგან კი მხოლოდ სამია მოქმედი (ლავრა, ნათლისმცემელი, დოდორქა, სადაც თითებზე დასათვლელი ბერები არიან), დანარჩენი 10 მონასტერი კი (აქვე ჩამოვთვლი სახელებს, უმეტესობა ქართველებისას, ხომ წარმოდგენაც არ აქვთ მათზე:

 

1.ვერანგარეჯა,

2.თეთრსენაკები,

3.მრავალწყარო,

4.ქოლაგირი,

5.მღვიმე ანუ მაღაზანა,

6.საბერეები,

7.პირუკუღმარი,

8.დიდი ქვაბები,

9. პატარა ქვაბები,

10. სატორგე) ცხოველების და ფრინველების თავშესაფრადაა ქცეული, ნაშალ ქვა-ღორღს, ნაგავს და ექსკრემენტებს მიაქვს. ჯერ რაც გაქვთ, იმას მიხედეთ თქვე ბედოვლათებო, უყურადღებობით რომ ნადგურდება და მერე იფიქრეთ იმ ოთხზე, თქვენს მიერ ნადიდებმა სტალინმა რომ აზერბაიჯანს უფეშქაშა 1922-24 წლებში და არც მერე უღონია რაიმე მთელი 30 წელიწადის მანძილზე სიტუაციის გამოსასწორებლად.

და კიდევ, ბოლო წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლება რომ ისტორიულ ალბანურ ძეგლებად აცხადებს გარეჯს და საინგილოს ქართულ ეკლესიებს, იქნებ ამაზეც ამოიღონ ხმა “დიდმა ქართველებმა”, როცა აზერბაიჯანის მაღალ პირებთან ფოტოკამერების წინ პოზიორობენ ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე?!”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share