მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება და ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლო კლანს გავლენები ოლიგარქის გუნდის წევრების სახით ჰყავს.
მესამე სექტორის წარმომადგენელი ტვ პირველის ეთერში სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ერთ-ერთი ის პრიორიტეტული რეკომენდაციაა, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას.
”დღეს ეს კლანი არის ძალიან ძლიერი შიგნით. მე არ ვიცი, ვინ უფრო გავლენიანია, კობახიძე თუ ჩინჩალაძე. ალბათ, ჩინჩალაძე, რადგან ამათმა გარკვეული ვალდებულებები აიღეს სასამართლოშიც და დღეს უკვე რა გამოდის, რომ მათაც აქვთ შიშები, რომ ხომ არ გაწირავენ. ალბათ, ამაზეც არის საუბარი. თავადაც კარგად იციან, თუ რა წერია ევროკავშირის 9 დათქმაში და რა არის კონკრეტული რეკომენდაციები. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნება ევროკავშირი, ოღონდ ევროკავშირი, პირველ რიგში, ჩვენთვის გვეუბნება, რადგან ჩვენ უნდა გვინდოდეს დამოუკიდებელი მოსამართლე და არ უნდა გვინდოდეს ჩინჩალაძე და მურუსიძე, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ” – ამბობს ეკა გიგაური.