თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, პანდემიის გამო სტუდენტების დასახმარებლად დაფინანსების პროგრამები ფართოვდება. კერძოდ, სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სარეიტინგო ქულა, რომელსაც მერია სწავლის გადასახადს დაუფინანსებს 70 000-დან 150 000-მდე იზრდება.მაქსიმალური თახნა, რასაც მერია სწავლის დასაფინანსებლად გასცემ 2 250 ლარია, ხოლო ის, თუ თანხის რა პროცენტს დააფინანსებენ დამოკიდებული იქნება როგორც სტუდენტის სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე.
100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ, სიახლეა ისიც, რომ თუ სტუდენტი მას უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის გადასახდელად გადაიტანს, აღარ დაიბეგრება.
“ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა, ან 150 000-ზე ნაკლები ქულა აქვთ. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება”, – თქვა კახი კალაძემ.