ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს. მიზეზი გახდა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები, რომლებიც კერძო ავიარეისებით გადაფრენებს ეხებოდა, რაც მისთვის გამოყოფილ სახელმწიფო და ევროპულ ბიუჯეტს აჭარბებდა. გასულ კვირას კარინშის ხარჯებთან დაკავშირებით ლატვიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
სკანდალი კერძო ფრენების ირგვლივ, რომლებსაც კრიშიანის კარინში ლატვიის პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნის დროს იყენებდა, უკვე რამდენიმე თვეა ვითარდება. გასული წლის ბოლოს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საბჭოს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ლატვიელი მინისტრის დელეგაციის გადაფრენებზე რამდენჯერმე მეტი დაიხარჯა, ვიდრე სხვა მონაწილეების შემთხვევაში. 2019 წლიდან 2021 წლამდე კარინშის ფრენებზე დახარჯულმა თანხამ 613 830 ევრო შეადგინა, ანუ ევროკავშირის დარჩენილი 26 წევრი ქვეყნის მთავრობების ფრენებზე დახარჯული მთლიანი ბიუჯეტის 1/5. ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის შიდა აუდიტმა აჩვენა, რომ კარინშმა ფრენებზე ქვეყნის შიდა ბიუჯეტიდან კიდევ 600 000 ევრო დახარჯა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 18-ჯერ იფრინა კერძო თვითმფრინავით.
ლატვიის პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ კარიერას არ ასრულებს და ევროპარლამენტის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
“რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს კენჭისყრას ევროპარლამენტის არჩევნებში და ამით საკუთარ თავს ამომრცეველს გადასცემს, რათა მათ შეაფასონ მისი ნაბიჯები როგორც პოლიტიკოსისა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს”, – თქვა ევიკა სილინიამ და დასძინა, რომ კარინში წესიედრი დასავლელი პოლიტიკოსივით მოიქცა.
თავად კარინში, რომელიც მანამდე ლატვიის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, ბრალს არ აღიარებს, მაგრამ, ამბობს, რომ მზად არის გადადგეს, რათა მთავრობის მუშაობას ხელი არ შეუშალოს. ლატვიელი ჟურნალისტების თქმით, ლატვიის არც ყოფილი და არც მოქმედი პრეზიდენტი კერძო თვითმფრინავებს არ იყენებენ.