„მე ვიყავი ერთადერთი “ოცნების” წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყეს, რა უნდა მოეწყოთ მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს.
გახარია განმარტავს, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოცნებაც და ენმ-ც სააკაშვილს იყენებენ.
„თუ ჯანმრთელია ეს ადამიანი და მკურნალობა არ სჭირდება, მისივე ინტერესების გამო, იმიტომ, რომ მისი ქეისი და მისი შემთხვევა პოლიტიკურად არ გამოიყენოს ყველამ, ვისაც არ ეზარება, რა თქმა უნდა, მისთვისვე სჯობია, რომ ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ. ამ პოლიტიკური თემიდან თუ სააკაშვილი გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ განზომილებაში მის პრობლემა გადაწყდეს, რა გგონიათ, მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია?
ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის თემაში პოლიტიკურ განზომილებას აყენებს ჰუმანიტარულ განზომილებაზე მაღლა, არის მისი მტერი. ნაცებიც იმავეს აკეთებენ – ნაცებიც სპეკულირებენ და ვაჭრობენ ციხეში მყოფი ადამიანის სიტყვით, გამონათქვამით. გინახავთ, რომელიმე პატიმარი ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლო დარბაზიდან საქმის არსებით განხილვისას, საუბრობდეს პოლიტიკური მესიჯებით და ფაქტობრივად, პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდნენ. თქვენ იცით, რომელიმე სხვა პატიმარი, რომელიც ორი წელია თითქმის, სამკურნალო დაწესებულებაშია?
ჩვენ არ მოგვითხოვია სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, მოვითხოვეთ, მარტივი რამ გვითხარით, რატომ აძლევს სასამართლო სისტემა და პროკურატურა ადამიანს, იმის მაგივრად, რომ იმსჯელოს საქმის არსებით თემებზე, პოლიტიკური მესიჯები – იმიტომ, რომ იყენებენ. ოცნებაც იყენებს სააკაშვილს, რომ მისგან როგორმე იქნებ საფრთხობელა შექმნან და ნაციონალური მოძრაობაც იყენებს, რომ იქნებ ამ მიშასგან, რაც არის დარჩენილი, რაღაც რესურსი დააკონვერტირონ. სიმართლე არის იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის დიდ ნაწილს სულ ფეხებზე კიდია მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობაც, მისი პოლიტიკური მომავალიც, მარტო თავის თავზე ფიქრობენ, ოცნებაც ცდილობს გამოიყენოს,“ – ამბობს გახარია.