სად არის ბიძინა ივანიშვილი?

სად არის ბიძინა ივანიშვილი? – სამი თვის წინ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებული
ივანიშვილი პროცესებს და გუნდს ისევ ჩრდილიდან მართავს. ბოლო პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე სულ ორჯერ გამოჩნდა – პირველად 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე, შემდეგ კი ახალი პრემიერის წარდგენაზე.

ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი იქ და იმ ინტენსივობით დადის, სადაც საჭიროდ თვლის. ის ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი “ყველაზე საპატივცემულო თავმჯდომარეა.”

“რატომ გაინტერესებთ?.. ჩვენი პარტიის საკითხებით როდის აქეთ დაინტერესდით. ბიძინა ივანიშვილი იმ ინტენსივობით დადის და იქ, სადაც საჭიროდ თვლის პარტიაც და თვითონ. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე როდის ვნახე ბატონი ბიძინა. პიროვნება სად დადის და როდის დადის, პირადად მე როდის ვნახე, საზოგადოებისთვის საინტერესო თემა არ არის. “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე კი არ არის, ყველაზე საპატივცემულო თავმჯდომარეა, თუ გაინტერესებთ,” – ამბობს ზავრადაშვილი.
გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ პირადად მას ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია. თუმცა, მისი თქმით, “როდესაც ამის საჭიროებაა,” ის ჩართულია “შესაბამისი საკითხების გადაწყვეტაში.”

“ეს ხდება ისე, როგორც ამას პარტიული საჭიროებები მოითხოვს. ოფისში მე პირადად ეხლა კაი ხანია მე თვითონ არ ვყოფილვარ. თუ საჭირო იქნება, ოფისშიც მოვა. თუ საჭირო იქნება, რაღაც სხვა ფორმითაც შეიძლება კომუნიკაცია. ასეთი კომუნიკაცია ყოველდღიურად არსებობს…ის, რომ საზოგადოების წინაშე ისე ხშირად არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ იგი ჩართული არ არის პროცესებში,” – ამბობს კახიანი.ალუდა ღუდუშაურიც გვეუბნება, რომ ბოლოს საჯარო აქტივობისას ნახა. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი არც არსად წასულა და არც დაბრუნებულა. პარლამენტის წევრ თამარ კორძაიას თქმით, ის იყო ჩრდილოვანი მმართველი და ახლაც აგრძელებს ჩრდილოვან მართვას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share