2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოდან წასული 861,000 ემიგრანტი ცხოვრობს, რასაც თუ მოსახლეობას შევუფარდებთ (3.7 მლნ.) ქვეყნის 23%-ია. გამოდის, რომ ყოველი მეოთხე ქართველი ემიგრანტია.
კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის მონაცემებით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.
ემიგრანტების 52% (დაახ. 450,000 ადამიანი) რუსეთშია. 30% კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: საბერძნეთი – 85,000, უკრაინა – 65,000, გერმანია – 25,000, იტალია – 16,000, პოლონეთი – 10,000 და ა.შ. ასევე 40,000-მდე ქართველი ცხოვრობს აშშ-ში.
ცნობისთვის, ემიგრაციის ტალღები საქართველოში სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში დაიწყო, მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.