“ქართული ოცნება” ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, რომ აკრძალვები ყოვლად უსაფუძვლოა და მოსამართლეთა კორუმპირებულობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს.
მამუკა მდინარაძემ დასანქცირების ფაქტს სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია უწოდა და თქვა, რომ მოსამართლეების დისკრედიტაციის პროცესში მესამე სექტორი და გარკვეული პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ.
”საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ აშშ-ის საელჩოს და ელჩს, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნას. ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების პირობას და რეალურ საფუძველს. მიგვაჩნია და ხელის გულზე დევს ფაქტები, რომ საქართველოში რამდენიმე მოქალაქე დასანქცირებულია უსაფუძვლოდ, რაც ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები და “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სხვადასხვა მიმართულების განშტოებები მიმართავენ.
არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როდესაც ჩვენ ვიხილეთ 4 მოსამართლის დასანქცირება, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ამასთან ერთად ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც არათუ რაიმე აქტივობებში, არამედ სავიზო შეზღუდვაც დაუწესეს და მას არ ეძლევა შესაძლებლობა, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა მიიღოს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ მოეხსნათ მათ სანქციები. მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა არის ის შემთხვევა, როდესაც სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა იყო და ეს კრიტიკა კი არა, ბულინგი იყო და დღეს ალბათ, ყველას, ვინც კი ამაში ირიბი მხარდაჭერაც დაადასტურა, ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ. მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო.
ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. თუ რაიმე შეიძლება, აღვივებდეს ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსამართლო დასანქცირება. კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ ამ ადამიანებს მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენ მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირება”, – ამბობს მდინარაძე.
პარტიულ ბრიფინგზე “ოცნების” წარმომადგენლის სამიზნე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გახდნენ. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სასამართლოს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან სწორედ ეს ჯგუფები დგანან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე არის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ “იმ მდაბიო კამპანიას, რომლესაც NGO-სექტორის რიგი წარმომადგენლები, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშოტებები მიმართავენ“.
”დასახელდა ორი ენჯეო. ერთი არის გიგაურის და მეორე მშვენიერაძის. დასახელდა ჟორიკა რურუა და მისი მარჯვენა ხელი თუ თანამზრახველი გვარად ტატიშვილი, რომელმაც დააორგანიზა ეს ამბავი. უცხოელების ფული საქართველოში იხარჯება, ნაცვლად იმისა, რომ მოხმარდეს სასამართლოს გაჯანსაღებას, დამოუკიდებლობას, იხარჯება იმაში, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინოს. ამას აკეთებ პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად”, – თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.