“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გრძელდება. მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში დეპუტატების შეხვედრა ორ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთო “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
რას უკავშირდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. “პირველების” ინფორმაციით, შეხვედრის თემებს შორის მოსამართლეთა სანქცირება და ე.წ. ვეტინგია.
თუმცა შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მედიასთან აცხადებდნენ, რომ რა საკითხებზე უნდა ემსჯელათ დღევანდელი სხდომის ფარგლებში, მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
”ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ჩვენი საზოგადოება იქნება პირველი, ვინც გაიგებს სიახლეების და გადაწყვეტილებების შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველ გუნდში სხდომის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება. პრესსამსახური არ გეგმავს შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას.