ელექტრომობილების დამტენები ეტაპობრივად ფასიანი გახდება.პროცესი 15 თებერვალს თბილისიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყება და ერთი წუთის ღირებულება 3-დან 17 თეთრამდე, ავტომობილის სიმძლავრის მიხედვით იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება.
„ჩვენ 15 თებერვლიდან ვგეგმავთ პირველი ფასიანი დამტენების სატესტო რეჟიმში გაშვებას. შევხედავთ და თუ ნორმალურად წავიდა საქმე, 15-16 თებერვლიდან უკვე ფასიანი იქნება. თუმცა, ეტაპობრივად, ანუ, ყველა ერთად არ გაფასიანდება. პროცესი დაიწყება თბილისიდან და დაახლოებით, 10 დამტენი იქნება ფასიანი. რაც შეეხება ფასს, 3-დან 17 თეთრამდე იქნება. თუმცა აქაც დავაზუსტებ, სწრაფი დამტენი აწოდებს სტაბილურ 50 კილოვატს, მე-2 დონის დამტენი 22-კილოვატიანია. თუ რამდენი კილოვატის მიღება შეუძლია 1 საათში, ეს უკვე თავად ელექტრომობილზეა დამოკიდებული. ზოგი ელექტრომობილი იღებს 3,19 კილოვატს, ზოგი – 6,4-ს, 12-ს, ან 18-ს. შესაბამისად, წუთობრივად ყველას ერთი ტარიფი ვერ მიესადაგება. იმიტომ, რომ ვინც სწრაფად ტენის, ის გამოდის, ნაკლებს გადაიხდის და ვისი ელექტრომობილიც უფრო ნელა იღებს მუხტს, მას მოუწევს უფრო დიდი ხანი ლოდინი და მეტის გადახდა. სწორედ ამის გამო, ეს განსხავავება რომ არ იყოს, სხვადასხვა ჯგუფს, შესაბამისი ტარიფი მივუსადაგეთ , რათა საშუალოდ, ერთი ღირებულება გამოუვიდეთ მუხტის ასაღებად. ანუ, 100 კილომეტრის საჭირო მუხტი რომ აიღოს, მომხმარებელს დასჭირდება საშუალოდ, 8-9 ლარის ფარგლებში“, – ამბობს ავთო შავიშვილი.