მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება – ფერმერთა ასოციაცია გამჭვირვალობის კანონზე

ფერმერთა სათათბიროს წევრები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ პარლამენტს, არ დაუშვას მისი მიღება.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელთა მიზანი სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში შემობრუნებას ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოების დიდი ნაწილისა და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების და დონორების მხრიდან (ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა).

შეგახსენებთ, რომ ათეული წლებია, რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია
სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის
გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით.

ამ სიკეთეებზე უარის თქმით, ამაო გახდება ის ძალისხმევა რაც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე უწყებებმა, მათ შორის სამთავრობო სექტორმა, გაიღეს დარგის განვითარებისთვის, იმ რეფორმების ფარგლებში, რაც
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა უნდა იყოს.

ამდენად, კანონპროექტთან დაკავშირებით ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას მისი მიღება”- ნაათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
2. საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია
3. ასოციაცია „მომავლის ფერმერი“
4. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
5. მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია
6. კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია
7. ასოციაცია „ტყის პროდუქტი’’
8. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“
9. საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაცია
10. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების
მწარმოებელთა ასოციაცია
11. საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია
12. ორგანული აქვაკულტურის ასოციაცია ,,ფორეჯი”
13. ასოციაცია „ღვინის ოსტატები“
14. გაერთიანება ,,ქართული ხორბალი”
15. ექსპორტის განვითარების ასოციაცია
16. საქართველოს მერძევეობის ასოციაცია
17. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
18. საქართველოს მეხილეობის ასოციაცია
19. საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share