საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული საზოგადოების “მუხტის დაგდების ტენდენცია” წავა, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავ ქართული ოცნება მოიპოვებს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ელოდა, რომ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიუბრუნდებოდა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“შეუძლებელია არ ელოდო. შენ უნდა ცხოვრობდე ილუზორულ რეალობაში, რომ გადაწყვიტო, მოძალადემ ერთხელ დაგითმო და სავლედან გახდა პავლე, ეს აბსურდია. მე მინდა, რომ ასე იყოს, მოხდეს მეტამორფოზი და ქართული ოცნების კომკავშირული აქტივი უცებ გახდეს ჯეფერსონის და ვაშინგტონის შთამომავალი, თუმცა ხომ არ ვიქნები რეალისტური, ამას რომ ველოდე. შესაბამისად, მე ამას ველოდი, მე არ ველოდი, რომ მუხტს ასე აქტიურად დააგდებდნენ და ეს ყველაფერი გადავიდოდა მშვიდ რეალობაში, მაშინ, როცა ასე კარგად იყო აწეული.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მუხტის დაგდება არის აბსოლუტურად დანაშაულებრივი და არჩევნებში წაგების ტოლფასი. შარშან რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე თამამად დამესხნენ თავს, ახლა რას ლაპარაკობ, ახლა დიალოგის დროაო, რომ გასაგები იყო, რა ემოციაც ჰქონდა ბევრ მათგანს, ყველაზე არ ვსაუბრობ. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ თუ ამ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, არჩევნებზე ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა“, – თქვა მარგველაშვილმა.
ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ჰარმონიზაციის ეტაპზეა შესული, საზოგადოება კი ეროვნული მოძრაობის ეტაპზეა, რომ დაიბრუნოს ისტორიული მიზია და იყოს ევროპის ნაწილი, მოშორდეს რუსულ ორბიტას.
“ფაქტობრივად, მოსკოვური იდეოლოგიით, რუსული კალკით იმართება როგორც მედია, ისე პროპაგანდა. ჰარმონიზაციის ეტაპზე ვართ შესული, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციასთან – მთავარია ამის გააზრება და ამისთვის თვალის გასწორება. ჩვენ ვართ ეროვნული მოძრაობის ეტაპზე იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული მისია, ვიყოთ ევროპის და ცივილიზებულ ერთა ნაწილი და რაღაცნაირად მოვშორდეთ რუსულ ორბიტას. ჩვენ ვართ არა 33 წლის წინ, არამედ 35 წლის წინ, ვართ იმ ეტაპზე, როცა ქართული საზოგადოება იყო შეკრული და გაერთიანებული.
თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვა თავისუფალ საზოგადოებაში არასდროს ჩერდება, იმიტომ რომ როგორც კი ამ გზიდან ცოტათი მაინც გადაუხვევ, იმ წუთას რჩებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, გახდნენ ტირანები. […] რაც არ უნდა მცდელობა იყოს, რომ ამ ტალღას, რომელიც დღეს ასე წარმატებულად დაიწყო და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ქართული საზოგადოების სულისკვეთებით, ვერ მოხდება მისი კიდევ ერთხელ დამშვიდება, კიდევ საკომიტეტო მოსმენებში შეყვანა, ამ მუხტის დაგდება, რასაც შარშან ჰქონდა ადგილი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.