“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანიებმა “სოკარმა” და “სილქნეტმა” მიაღწიეს შეთანხმებას და ქვეყნის მასშტაბით “სილქნეტი” ინტერნეტიზაციის პროცესის დროს “სოკარის” ქსელს გამოიყენებს. ანუ “სილქნეტი ისარგებლებს “სოკარის” ინფრასტრუქტურით და მისი გამოყენებით განახორციელებს ინტერნეტიზაციას”.
ეს განცხადება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჩოხატაურში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მისივე განცხადებით, ეს შეთანხმება საქართველოში მოსახლეობის ინტერნეტით ხელმისაწვდომობის პრობლემას, ფაქტობრივად, საბოლოოდ გადაჭრის.
ჩოხატაურის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, USAID-ის მედიის პროგრამასთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა ადგილობრივ მედიასთან, გუშინ გაიმართა.
მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა პრეზენტაცია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში „ეისითის“ მიერ განხორციელებული მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და სერვისების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულებების კვლევის შედეგებზე.
კვლევის მიხედვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მოქალაქეთა კმაყოფილების კუთხით მაღალი შეფასება აქვს.
შეხვედრის ბოლოს აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა.