აშშ-მა და საქართველომ, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 2009 წელს მოაწერეს. 15 წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის და რისკავს იმ სარგებელს, რაც ამ ურთიერთობით საქართველომ უნდა მიიღოს
ამერიკის ხმა
ქარტიის ხელმოწერის ცერემონიაზე, შეერთებული შტატების იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ორ ქვეყანას შორის საზიარო ღირებულებებზე დაფუძნებით, მათი სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებისა და იმ მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა, რაც ვაშინგტონმა თბილისს აღუთქვა.
„საქართველო შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეფუძნება დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საერთო ღირებულებებს. ეს ქარტია ხაზს უსვამს პრინციპებს და განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების გზებს თავდაცვის, ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და კულტურული გაცვლის სფეროებში. შეერთებული შტატები ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას“, – განაცხადა მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ტრიბუნასთან მდგომმა კონდოლიზა რაისმა.
საპასუხოდ, ვაშაძემ თქვა, – „ჩვენ გვესმის, რომ ეს დოკუმენტი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ანიჭებს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ ასევე აკისრებს ვალდებულებებს, იყოს პასუხისმგებლობიანი მოკავშირე, იყოს დემოკრატიული, ღია და ლიბერალური საზოგადოება. ვფიქრობ, ამ მიზანს ამერიკის დახმარებით და ამერიკული რჩევებით მივაღწევთ.“
15 წლის შემდეგ, საქართველოს დასავლელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, როგორც ვაშინგტონში, ასევე – ბრიუსელში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აშფოთებთ და აცხადებენ, რომ მისი ქმედებები ქვეყნის ევროატლანიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, მაღალი რანგის სენატორებმა, ევროკავშირმა, ნატომ და სხვა საერთაშორისო ოორგანიზაციებმა თუ ინსტიტუტებმა, რომლებსაც დამოუკიდებელ საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აქვთ, შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ გამოთქვეს.
„ქართულმა ოცნებამ“, მანამდე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ერთი წლის წინ თავად ჩააგდო, სახელი შეუცვალა, შინაარსი იგივე დატოვა და ამჯერად, 3 აპრილს, პარლამენტში თავადვე წარმოადგინა, როგორც “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ნულოვანი მდგომარეობა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხში, „ფაქტობრივად ნულოვანი მდგომარეობაა“. ირაკლი კობახიძე, საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩინეთთან ახლადგაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ადარებს.
“საქართველოს ხელისუფლება, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის” – შეფასებები ანალიტიკურ წრეებში
„ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე, ან თუნდაც მიმსგავსებული ტემპით განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა კობახიძემ, პრემიერის რანგში, ამერიკის ელჩთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ და განმარტა: “ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ შეერთებული შტატები შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მითუმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის – საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე. თუ იქნება პირდაპირი ფრენები შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და თუ გაძლიერდება სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია, – ყველა ამ მიმართულებით, დღეს გვაქვს პრაქტიკულად ნულოვანი მდგომარეობა“, – თქვა საქართველოს პრემიერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი პარტნიორობის შესახებ
„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, 30 წელზე მეტი ხნის ახლო მეგობრობა აკავშირებს და ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მეტი მოგზაურობისა და ვაჭრობის წახალისებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის წერილობით პასუხში კითხვაზე, რომლითაც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს, გასული თვის მიწურულს მიმართა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხეთ, განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება და აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
კრამერი: “ქართული ოცნება” აშშ – საქართველოს პარტნიორობას საფრთხეში აგდებს
„შეერთებულ შტატებს, მთელ მსოფლიოში ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ არიან უვიზო რეჟიმის პროგრამის ნაწილი. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ სხვადასხვა მოთხოვნას იმისთვის, რომ იყოს უფლებამოსილი, ჩაერთოს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხში, რომელიც 29 მარტს მივიღეთ.
შეერთებულ შტატებთან უვიზო რეჟიმის პროგრამაში ახლა 41 ქვეყანა მონაწილეობს და უმრავლესობა ევროკავშირის წევრია. პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს, შეერთებულ შტატებში საქმიანი ან ტურისტული მიზნით, 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. პროგრამის შესახებ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ:
„1986 წელს შექმნის დღიდან, უვიზო რეჟიმის პროგრამა გადაიზარდა უსაფრთხოების ყოვლისმომცველ პარტნიორობაში, ამერიკის ბევრ უახლოეს მოკავშირესთან. უვიზო რეჟიმის პროგრამა იყენებს რისკზე დაფუძნებულ, მრავალშრიან მიდგომას, რათა აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს ტერორისტების, სერიოზული დამნაშავეებისა და სხვა არაკეთილსინდისიერი აქტორების შეერთებულ შტატებში მოგზაურობა. ეს მიდგომა, უვიზო რეჟიმის პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მხრიდან, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამართალდამცავი ორგანოების ინტერესებზე, ზეგავლენის რისკების რეგულარულ შეფასებას მოითხოვს.”
ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორიენტირებულია იმ სფეროებზე, სადაც ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა შესაძლებელი.
„ვაჭრობის კუთხით, შეერთებული შტატები აფასებს მის ძლიერ ეკონომიკურ ურთიერთობას საქართველოსთან და აღნიშნავს, ამერიკული საქონლის საქართველოში იმპორტის გაღრმავებას, რაც 2023 წელთან შედარებით, თითქმის 34%-ით გაიზარდა. ამ ურთიერთობას მხარს უჭერს ჩვენი ორმხრივი დისკუსიები, რომელსაც ატარებს შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოში და სხვა პლატფორმებზე. ბევრი ქვეყანა არ არის ორიენტირებული სრული შეთანხმების მოლაპარაკებაზე, რადგან ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამის ნაცვლად, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია გავზარდოთ ვაჭრობა და თანამშრომლობა და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, რაც ელჩ დანიგანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
“მომავალი არც თუ ისე ნათელია”
გამოცდილი ამერიკელი დიპლომატები, მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
“გამჭვირვალობა” თუ “რუსული სტილის კანონმდებლობა” ?
„ამ პარტნიორობის მომავალი, დიდწილად, საქართველოზეა დამოკიდებული. იმაზე, არის თუ არა საქართველოს მთავრობა დაინტერესებული შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების განვითარებით. ეს ჩემთვის ცხადი არ არის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია”, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი და დასძენს:
“ვაშინგტონი მოსკოვი არ არის. ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ და მათზე კონტროლის მოსაპოვებლად მათ ტერიტორიებს არ ვიტაცებთ – ამას რუსეთი აკეთებს. რა სურს საქართველოს, ეს ქართველების გადასაწყვეტია და კითხვა ისაა, რას სურს მთავრობას. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება კვლავ პროევროპულია. მაგრამ, ჩემთვის და ბევრი სხვა ამერიკელისთვის, ვინც საქართველოსთან და საქართველოს საკითხებზე მუშაობდნენ, გაუგებარია, რა სურს ქვეყანას ამ ეტაპზე“, – ამბობს ფრიდი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კიდევ ერთი ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის ხელმძღვანელი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ იმგვარი ნაბიჯებით, როგორიცაა „არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონები“, საქართველოს ხელისუფლება, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს.
„თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ გზას, რომელზეც დგას, მაშინ მომავალი არც თუ ისე ნათელია. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას ქართველ ხალხთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს გზა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის”, – ამბობს კრამერი და აქცენტს სწორედ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების თაობაზე წარმოდგენილ კანონპროექტზე აკეთებს:
“ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეში აგდებს. რთულია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც ამგვარ ნაბიჯებს დგამს და არასწორი მიმართულებით მოძრაობს. მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავრჩებით ქართველ ხალხთან, რომელიც რჩება ძალიან პროდასავლური, პროამერიკული, პროდემოკრატიული, ანტიკორუფციული. მაგრამ ვწუხვარ, რომ ამერიკასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობა გაუარესდება, თუ საქართველოს მთავრობა ამგვარი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს“, – ამბობს კრამერი.
ვიდრე საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს, უვიზო რეჟიმის პერსპექტივის იდეა გაქრობას იწყებს.დევიდ კრამერი
„ერთ-ერთი პრობლემა ქართველების მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევაა, როცა ვიზით ჩამოსული მოქალაქეები, განსაზღვრულ ვადას აჭარბებენ და ქვეყანაში რჩებიან. ეს იქნება ერთი საკითხი, რომელიც განსახილველი იქნება. ეს რთული პრობლემაა, რადგან შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაღრმავება და ამერიკაში ქართველების ვიზიტების ხელშეწყობა ამის ერთ-ერთი გზა იქნებოდა. მაგრამ, ამაზე მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობამ უნდა აწარმოოს და ვიდრე საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს, გულწრფელად რომ ვთქვათ, უვიზო რეჟიმის პერსპექტივის იდეა გაქრობას იწყებს. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება”, – ამბობს დევიდ კრამერი.
ანალიტიკოს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობაზეც საუბრობს და ახლო მომავალში არც ამ კუთხით ელოდება დადებით პროგრესს.
“საქართველოს გამოირჩეოდა იმით, რომ იყო დემოკრატიის კუნძული, რომელიც გარშემორტყმული იყო ქვეყნებით, რომლებიც ან ავტორიტარული იყვნენ, ან თავიანთ დემოკრატიულ გარდამავალ პერიოდში იბრძოდნენ. და თუ საქართველო დაემსგავსება ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, მაშინ ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც წლების განმავლობაში მის მიმართ იყო, აღარ იარსებებს”, – მიიჩნევს კრამერი და ამბობს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ქართველი ხალხის პროდასავლური არჩევანის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
“ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფერზე ფიქრი – ხელისუფლების ნაბიჯებისა და ქმედებების მიუხედავად, ქართველი ხალხი რჩება ძალიან პროდასავლური, პროამერიკული და პროდემოკრატიული. ამიტომ, საჭიროა ფრთხილი ბალანსი, ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის შენარჩუნებასა და იმაში დარწმუნებას შორის, რომ საქართველოს მთავრობა აცნობიერებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯების საფასურს“, – ამბობს კრამერი.
ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მქონე ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი უვიზო რეჟიმის პროგრამაში პოლონეთის ჩართვის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაბამისი პოლიტიკური მოცემულობის შემთხვევაში, ამ საკითხზე მუშაობით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია.
„ამ საკითხებზე, წარსულში, სხვა ქვეყნებთან გვიმუშავია. არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გასათვალისწინებელი საკითხია, რადგან ამით ქართველი ხალხი ისარგებლებს და მეც ის მაინტერესებს, რაც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს”, – ამბობს ფრიდი და ხსნის, რომ შეერთებულ შტატებში, იმიგრაცია დღეს ძალიან “მგრძნობიარე პოლიტიკური თემაა”. მისი თქმით, უვიზო რეჟიმის ხელმისაწვდომობისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი კრიტერიუმი შეიძლება ის იყოს, რომ ზოგ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტული ვიზით განსაზღვრულ ვადებს არღვევენ და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან. ამასთან ფრიდის განმარტებით, თუ კონკრეტულ ქვეყანაში, ძალიან ბევრი ადამიანი არ შეესაბამება ვიზის მიღების კრიტერიუმებს, ამგვარი შემთხვევების სიმრავლის შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის აღსრულება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
“მაგალითად, პოლონეთის შემთხვევაში, ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდა. თუმცა, საბოლოოდ, პოლონეთმა უვიზო რეჟიმი მიიღო და ეს დაკავშირებული იყო იმ პოლონელების რაოდენობის კლებასთან, რომლებიც შეერთებულ შტატებში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგაც რჩებოდნენ. იმედია, ასეთი შემთხვევები, თანდათანობით, საქართველოს მოქალაქეებს შორისაც მოიკლებს. ასე რომ, ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაზე მუშაობაც შესაძლებელია“, – ამბობს დენიელ ფრიდი.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობა” თუ “შემზღუდავი კანონი” – შეფასებები ვაშინგტონიდან
დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები, ახლო ურთიერთობას შეინარჩუნებს ქართველ ხალხთან, რომელსაც კვლავ პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიული და ანტიკორუფციული განწყობები აქვს. მაგრამ, წუხს, რომ შესაძლოა მთავრობებს შორის ურთიერთობები გაუარესდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება, იგივე ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს.