შეიძლება “ჩასტუსკების” მღერა მოგიწიოთ ცოტა ხანში, ძალიან ცუდი და საშიში მდგომარეობა იქნება – ჭოხონელიძე

“შეიძლება “ჩასტუსკების” მღერა მოგიწიოთ ცოტა ხანში, ძალიან ცუდი და საშიში მდგომარეობა იქნება,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” მომღერალი თამარ ჭოხონელიძე აკეთებს.

ჭოხონელიძე რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

”პუტინს ამაშიც როგორ მივბაძეთ, რაც ნაცისტებმა გაუკეთეს გერმანიას, ფაქტობრივად, იმავეს აკეთებს – დაერია ყველას ყველაფერს, უვადოდ ყოფნა რომ მოინდომა, ესენიც არ აპირებენ ეტყობა, წასვლა. ყველამ თავის საქმე აკეთოსო იძახიან, მე ქართულ სიმღერას არ ვღალატობ, ეს თქვენი პრობლემაა, რომ შეიძლება “ჩასტუსკების” მღერა მოგიწიოთ ცოტა ხანში, ძალიან ცუდი და საშიში მდგომარეობა იქნება, მაგრამ რისთვის ვართ აქ, რომ ეს საშიში ვითარება არ იყოს მძაფრი, არ იქნება იმიტომ, რომ ხალხი ძალიან აღშფოთებული და შეურაცხყოფილია.

ის კანონი, რასაც ცდილობს რომ დაამტკიცოს, გზას გიღობავს ევროპისკენ, რატომ ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება დაუშვას ქართველმა ხალხმა.

ევროპის უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენი დიდი საგანძური შემოგვინახეს, ჩვენი იდენტობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ისტორია, კულტურა, წარსული ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის უფრთხილდებოდა. ერთადერთი, თუ ვინმეს არ უნდა ეს ყველაფერი და თუ ვინმეს უნდა, რომ საერთოდ გაქრეთ არეალიდან, არის რუსეთი – ამ რუსულ კანონს ვღებულობთ?” – ამბობს ჭოხონელიძე.

ჭოხონელიძე სცენიდან რუსული კანონის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა. ჭოხონელიძე ეხმაურება ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან გახმოვანებულ მუქარას მსახიობების მიმართ – მიმართავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ჩიგოგიძეს და უსვამს კითხვას, ახსოვს თუ არა წინა წელს “ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ დადებული დაპირება, რომ ხელმეორედ ეს კანონპროექტი არ შემობრუნდებოდა.

”ძალიან გაიმასხარავა თავი ამ კაცმა, ვიცნობ, მაპატიოს, მაგრამ გაიმასხარავა თავი, როგორ იკადრა ის, რომ თავის კოლეგებს ასე მიმართა და მათზე ასე თქვა, რას ჰქვია ყურით ჩამოათრევს? არ აქვს გააზრებული სად არის, ის, რომ თეატრი, ხელოვნება, მუსიკა, ესენი რომ პირდაპირ ასოცირდება მუსიკასთან, ამ კაცს არ აქვს გააზრებული, ესენი არ არიან ბევრნი და ჩვენ კიდევ, ვისაც კარგად გვაქვს გააზრებული თავისუფლების აზრი, ამიტომაც ვუკავშირდებით ევროპას და ამიტომაც არ გვინდა ეს ავადსახსენებელი რუსეთი,” – ამბობს ჭოხონელიძე.

პროტესტი სცენიდან – მუსიკისა და დრამის თეატრში – “საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ –  ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“  მუსკომედიის თეატრის  მსახიობებმა,  რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share