როგორ მუშაობს “აგენტების კანონი” რუსეთში – ინტერვიუ პირთან, რომლის ორგანიზაციაც პუტინმა პირველად შერაცხა “უცხოურ აგენტად”

როგორ მუშაობს “აგენტების კანონი” რუსეთში და როგორ უსწორდება კრიტიკოსებს პუტინი – ამის შესახებ “პირველ ხაზში” რომან უდოტი საუბრობს, რომლის ორგანიზაცია “გოლოსი” იყო პირველი, რომელსაც 2013 წელს პუტინის რუსეთში მოქმედი კანონით “უცხოური აგენტის” იარლიყი მიანიჭეს.

უდოტის თქმით, პუტინმა კანონის შემოღება თავდაპირველად ახსნა იმით, რომ ეს იყო ამერიკული კანონის მსგავსი და საჭირო იყო გამჭვირვალობისთვის, რის შემდეგაც ნელ-ნელა რუსეთის პირველმა პირმა დაიწყო იმ ორგანიზაციების დევნა, ვინც მთავრობის კრიტიკოსი იყო. ამის შედეგად, უდოტის თქმით, ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურა და კანონი ახლა სადამსჯელო ხასიათს ატარებს და იქამდე მივიდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ ამ იარლიყის მატარებელ პირებს.

”ჩვენ ვიყავით პირველი ორგანიზაცია, რომელსაც დაარქვეს უცხოური აგენტი და ეს ტერმინი მოფიქრებული იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო პრობლემები მაშინდელი ჩვენი ასოციაციისთვის, რომელსაც ერქვა “გოლოსი” და იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საქმიანობა, დაგვეხურა ასოციაცია და გაგვეხსნა არარეგისტრირებული ორგანიზაცია და დაგვერქვა მოძრაობისთვის “გოლოსი”, ჩვენ სხვა ორგანიზაციები დავხურეთ, რადგან დაარქვეს მათ უცხოური აგენტები, ეს განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ჩვენს ორგანიზაციას შეეწყვიტა მუშაობა, მაგრამ ჩვენ მოვძებნეთ გამოსავალი, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ვერ გაგრძელდა სხვა ორგანიზაციებზე და გამოსავალი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ, ისიც დაიხურა.

ისმის დაპირებები, რომ ეს იქნება მხოლოდ გამჭვირვალობისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, თუ ვინ რა დაფინანსებას იღებს, ეს პირობა იყო დარღვეული, ნაბიჯ-ნაბიჯ, ორგანიზაციებს, რომლებსაც დაერქვათ უცხოური აგენტები, მათ ჩამოერთვათ ყველა უფლება და ახლა რუსეთში მივიდა საქმე იქამდე, რომ უცხოურ აგენტებს არ ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. დასაწყისი იყო მარტივი, რომ იქნებოდა ეს მხოლოდ ამერიკული კანონის უწყინარი ასლი, მაგრამ მთავრობამ გამოიყენა ეს როგორც ხელკეტი ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ხელკეტი სულ უფრო და უფრო მძიმდება და დღეს უკვე ძალიან მძიმე სადამსჯელო მექანიზმად იქცა, რომლითაც შეუძლია დასაჯონ ორგანიზაციები თუ პიროვნებები, თუ არ მოსწონს ეს ორგანიზაცია ან პიროვნება, ვრცელდება ხმა, რომ ეს არის უცხოური აგენტი და ჩვენ ჩვეულება გვაქვს, რომ პარასკევობით ხდება ეს ღონისძიება და ყოველ პარასკევს ჩვენ ველოდებით, აბა, ვის დაარქმევენ უცხოურ აგენტს. ყოველ კვირა არქმევენ ორგანიზაციებს თუ პიროვნებებს ამ სახელს,” – ამბობს რომან უდოტი.

უდოტის თქმით, მის ორგანიზაციას გამჭვირვალობის პრობლემა არ ჰქონდა. მიზანი კი ერთი იყო, კრიტიკოსების გაჩუმება, რასაც მოჰყვა მათი ხალხის მტრებად შერაცხვა და მათი ახლობლების ტერორი. როგორც უდოტი ამბობს, ტერმინ აგენტს პუტინის ხელისუფლებაც განმარტავდა ისე, თითქოს ის ნეგატიური შინაარსის მატარებელი არ იყო, შედარებას აკეთებდნენ ტურისტულ აგენტებთან, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლება ავრცელებდა კრიტიკოსების მიმართ ისეთ ვიდეოებს, სადაც საზოგადოებაში უარყოფით განწყობებს ქმნიდა და ამის შედეგად დაამკვიდრა ტერმინი – სახელმწიფოს მტერი.

”მათ არ სჭირდებოდათ გამჭვირვალობა, მათ სჭირდებოდათ ჩვენთვის დაღის დასმა, რაიმე ცუდი სახელის დარქმევა, რადგან გამჭვირვალობა უმაღლეს დონეზე იყო დაცული ბიზნესთან ან სხვა სფეროებთან შედარებით. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ბიზნესი უნდა დავხუროთ, საზოგადოებრივი ინტერესი იყო უპირატესი, ფული არ გვაინტერესებდა, გვაინტერესებდა ამომრჩეველთა უფლებები, მოქალაქეთა უფლებები, ეს იყო ჩვენი სპეციალიზაცია და ეს მოვიდა კონფლიქტში იმ ინტერესთან, რომელიც ჰქონდა მთავრობას, რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად, ამიტომ ეს არ არის გამჭვირვალობა, ეს არის სიძულვილის გამოწვევა, გვეუბნებოდნენ რომ ეს მხოლოდ სახელწოდებაა, როგორც ტურისტული აგენტი, თქვენ უცხოური აგენტი იქნებით, რა მოხდა მერე, ტურისტულ აგენტებთან ხომ არავითარი სიძულვილი არ არის, მაგრამ ეს პროპაგანდა, ეს ფილმები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მზადდებოდა, ისინი განაწყობდნენ ხალხს იმის გასაგებად, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები, არავითარი ტურისტული სააგენტო ამისგან არ გადაიზარდა, ამისგან ჩამოყალიბდა საბჭოთა ტერმინი – სახელმწიფოს მტერი, დედაჩემს ემუქრებოდნენ, მიდიოდა მუქარა, რომელიმე რეპორტაჟის შემდეგ დედაჩემს ურეკავდნენ, მეზობლებს, მისი ასაკის ხალხს, ურეკავდნენ და აგონებდნენ რომ ეს ადამიანი არიან ხალხის მტრის დედა და ეს უცხოური აგენტის ტერმინი ძალიან მალე იქცევა ხალხის მტრის ტერმინად,” – ამბობს რომან უდოტი.

რომან უდოტის თქმით, პუტინი მხოლოდ ორგანიზაციების დასაშინებლად, დასახურად და მათი დისკრედიტაციისთვის არ იყენებს, უცხოური აგენტის იარლიყს აწებებს კონკრეტულ მოქალაქეებსაც. უდოტის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ასეთ სქემას მიმართავდა ორგანიზაციების უცხოურ აგენტებად გამოსაცხადებლად – ხშირ შემთხვევაში, დასაბუთებული ფინანსური დოკუმენტის გარეშე აწებებდა ამ იარლიყს – მაგალითად, სურვილის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ნებისმიერი რაოდენობის ტრანზაქციის დროს უცხოურ აგენტად რაცხავდნენ ორგანიზაციებს – “23 რუბლის გამო დაერქვა უცხოური აგენტი”.

”გვეუბნებოდა რომ არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა, დროთა განმავლობაში კი მიხვდნენ, რომ არამარტო ორგანიზაცია, არამედ უბრალო ხალხიც კი წარმოადგენს საფრთხე. თანამედროვე კომუნიკაციებით ერთმა ადამიანმაც კი შეიძლება გაავრცელოს ინფორმაცია, რაც არ სჭირდება მთავრობას, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ამიტომ მოიფიქრეს ტერმინი, რომ ერთი ადამიანი არის ინფორმაციის წყარო, ახლა უკვე თქვენ იქეცით მასობრივი ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციად და ამის შემდეგ უბრალო ადამიანებსაც დაარქვეს უცხოური აგენტი,” – ამბობს უდოტი.

უდოტი პარალელს ავლებს საქართველოში რუსული კანონის გადმოტანის მცდელობას და თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უნარი გამოხატონ უწყვეტად პროტესტი, რაც მისი შეფასებით, მარტის აქციების დროსაც გამოჩნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share