„სამოქალაქო სექტორი ფაქტობრივად გაქრება, აღარ იარსებებს“, – ასე ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეების-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი სათაურშივე პრობლემურია. მისი თქმით, ის დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მაგალითად, მოსახლეობისთვის ენერგოეფექტური ღუმელების ან სულაც ნაგავმზიდების შეძენას უზრუნველყოფენ, სახელმწიფომ შესაძლოა, მიიჩნიოს „უცხო ძალად“.
„მანამდე ერქვა აგენტების შესახებ კანონი, ახლა დავარქვით უცხო ძალის შესახებ, ვინ არის უცხო ძალა? ტყუილია, როცა გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა მიიღო ევროპამ ან აპირებს რომ მიიღოს. პირველ რიგში, კანონის სათაური არის პრობლემა, ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მოღალატეები ვართ სახელმწიფოსი? ვინ მისცა იმის უფლება, რომ მოკვლევისა და გამოძიების გარეშე იარლიყი მიგვაწებონ და გაგვხადონ ე.წ უცხო ძალის ინტერესების მატარებლად არასამთავრობო სექტორი და მედია. ვინ, უცხო ძალა ვინ არის? რომელიც ამდენი წელი გვეხმარებოდა საქართველოს მშენებლობაში? რომელიც აკეთებდა ისეთ საქმეს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები ჩამოყალიბებულიყო, ან მოსახლეობისთვის ელექტროეფექტური ღუმელების დარიგება, ნაგავმზიდის ყიდვა, რომ ნაგავი გავიტანოთ – ამაში ვინც გვეხმარებიან, ისინი არიან უცხო ძალები?“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
„კანონპროექტი ყველას ერთ ქვაბში ხარშავს, ვინც პოლიტიკური პროცესებში იყო ჩართული და მასაც, ვინც აკეთებს ძალიან კონკრეტულ საქმეს. მე თუ ადამიანი დავიქირავე შესაფასებლად, მაგალითად მეწყრის ჩამოწოლის შესასწავლად, ის რადგან მე დავიქირავე, პერსონალურად იქნება უცხო ძალის ინტერესების მატარებელი. კანონპროექტი სათაურშივე არასწორია – რას ნიშნავს უცხო ძალა? კანონპროექტში საუბარია დასმენაზე. 20-ე საუკუნის 1937 წელი ბრუნდება? მოქალაქეს შეუძლია დაასმინოს არასამთავრობო“, – აღნიშნა ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის შემდეგ კვლავ დააინიცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. მოსმენის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია. ცნობისთვის, საქართველოში 36 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.