როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა: ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო ” – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო მზად არ არის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
”როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება“. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა: ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო.
არ უნდათ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება. კანდიდატის სტატუსს კი ასე უყურებს ეს ხელისუფლება: „ეგდოს“, არაფერს აფუჭებს, ჩვენი პროევროპელი (და შეცდენილი) ამომრჩევლებისთვის გადაგდებული ძვალია, რათა არც ერთი ხმა არ დავკარგოთ არჩევნებში.
უკვე წლებია, ხელისუფლების მხრიდან მიდის ევროკავშირის „გაშავება“, ამ ფერხულში ჩართულია სახელისუფლო მედია, მოსყიდული „ექსპერტები“, სასამართლო, ბობოლა სასულიერო პირები, ტროლ-ბოტები…
თუმცა, ფაქტია: ხელისუფლების ანტიევროპულმა ისტერიამ ვერ შექმნა დომინანტური საზოგადოებრივი აზრი, ვერ ჩამოაყალიბა პარადიგმა, ვერ წარმოშვა ბუნებრივი აქტივიზმი… რაც მთავარია, ანტიევროპული ისტერიის გავლენიდან არსებითად ამოვარდნილი აღმოჩნდა ახალგაზრდა თაობა. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა ჩვენ – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.