საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შვიდი დღის მაჩვენებელმა ოთხ პროცენტზე დაბლა დაიწია.
„აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ, დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.
რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, სამინისტროს ცნობით, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცალკე გაკეთდება განცხადება.
„ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. როგორც იცით, ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლევს, რომ 15 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. მინდა, საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი. როგორც იცით, ორშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაგრძელდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებისა, ხოლო 15 თებერვლიდან გაგრძელდება ამ სამ ქალაქშიც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს – ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.