საქართველოს საკითხებზე აქტიურად მომუშავე ევროპარლამენტარები, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამო, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილს სწერენ და მას შეახსენებენ, რომ ამბიციურ პოლიტიკურ გეგმებს ამბიციური დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა სჭირდება.
ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი თალაკვაძეს სწერენ, რომ პარლამენტის კედლებში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევა უკიდურესად არაეთიკური და სამწუხარო იყო.
“სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში”, – წერენ ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მას საკუთარ მოვალეობებს შეახსენებენ, – “თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა”.
ევროპარლამენტარები ასევე თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც მთავარი არხის დირექტორის ტელეფონის ნომრის უნებართვოდ გასაჯაროვების შემდეგ ევროკავშირის ელჩისგან მიღებული კრიტიკის გამო განაცხადა, რომ ელჩ ჰარცელს სიამოვნებით მიიღებდა პარლამენტში, მისი კრიტიკის გასარჩევად.
“თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა”, – წერენ ევროპარლამენტარები თალაკვაძეს, – “ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ ”მის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც მიისწრაფის”.
ევროპარლამენტარები თალაკვაძეს წერენ, რომ პოლიტიკური დიალოგისა და კონსესუსის მისაღწევად, აუცილებელია პოლიტიკურმა აქტორებმა დამაპირისპირებელი და ოპონენტების შევიწროებისკენ მიმართული განცხადებები შეწყვიტონ და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს ისეთივე გამჭვირვალე და პლურალისტული პარლამენტი ჰქონდეს, როგორც ეს ქართველ ამომრჩეველს სურს.
“საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება”, – წერენ ევროპალრამენტარები, – “იმედი გვაქვს, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა”.