ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი “დღის სტუმარში” საუბრისას ამბობს, რომ მთავრობა უუნაროა, მან ვერ შესთავაზა მოქალაქეებს კრიზისის დაძლევის გეგმა და, ამავდროულად, “დაამუხრუჭა იმ ადამიანთა საქმიანობები, რომლებიც ქვეყანაში დოვლათს ქმნიან”.
“ვინ ჰგონია თავი გახარიას? ჰგონია, რომ სახელმწიფოა? სახელმწიფო არის ხალხი, ვინც დოვლათს ქმნის, ვინც ეკონომიკას ქმნის. გახარია რომ მათ ემუქრება, სამარცხვინოა. ის თავად არის ივანიშვილის მსახური… მდიდარ ქვეყნებში არ არის ისეთი ტარიფები, როგორიც აქ. აქციზი დაახრჩვეს, ფაქტობრივად. ადამიანებს პირდაპირ ჯიბეშ უყოფენ ხელს, იღებენ იქიდან ფულს და მერე ან საპარტნიორო ფონდს აძლევენ მას, ან ზარალზე მყოფ რკინიგზებს, ანდა თავის მომხრეებს ურიგებენ. მოქალაქეების ძარცვა პოლიტიკური მიზნებით – ესაა მათი მართვის მოდელი. ამის ფონზე კიდევ არ სრცხვენიათ და ნერვი აქვთ, რომ ადამიანებს, რომელთაც მუშაობა უნდათ, მუქარები შეუთვალონ”, – ამბობს ბედინეიშვილი.
პოსტკოვიდურ პერიოდზე საუბრისას კი ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ “არ გვაძლევს წარსული იმედის რამენაირ ნიშანს”.
“თავი უნდა მოვიშტეროთ და დავირწმუნოთ, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელებას მომავალში კარგი შედეგი ექნება – ეს არ მოხდება. თუ ქმედებები არ იცვლება, შედეგი იგივე დგება. ეს ხელისუფლება ინსტინქტის დონეზე დაპროგრამებულია ისე, რომ ხალხი მეტად ჩამოკიდოს სახელმწიფოზე, შეამციროს ინვესტიციები. ივანიშვილს ეს მდგომარეობა აწყობს, რადგან თუ ქვეყანა გამდიდრდება, მით მეტად გაქარწყლდება მისი უპირატესობა, როგორც ერთი დიდი ფულის ტომრის”, – თქვა მან.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00-ზე პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება, სადაც ხალხი კიდევ ერთხელ გააპროტესტებს კოვიდშეზღუდვებს.