“ევროკავშირის პოლიტიკოსების მუქარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ აღმაშფოთებელია”- ამბობს რუსი სენატორი, ანდრეი კლიმოვი.
კლიმოვიც კობახიძის მსგავსად ოლივერ ვარჰეის საუბარს “მუქარას” უწოდებს და ამბობს, რომ ეს “უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ზეწოლად თბილისზე, არამედ ევროკავშირის ბარბაროსულ დამოკიდებულებად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის მიმართ”.
მისივე თქმით, ეს არის “ბარბარიზმის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელშიც თანამედროვე ევროპა ჩაეფლო”.
“მეჩვენება, რომ ევროპელი დიპლომატი შეცდა. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ საერთოდ რის საფუძველზე ურეკავს კობახიძეს“, – განაცხადა კლიმოვმა Vzglyad-თან საუბარში.
ცნობისთვის, პრემიერმა კობახიძემ გუშინ, 23 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ევროკომისარი სატელეფონო საუბარში სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს “ბედის გაზიარებით დაემუქრა”.
დღეს განცხადება გაავრცელა ოლივერ ვარჰეიმ და აღნიშნა, რომ მისი სატელეფონო საუბარი კობახიძემ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ კობახიძეს დღეს პუტინიც გამოესარჩლა.