“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა”, – ამ განაცხადით დაიწყო ჯერ კიდევ 106 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა. აქტით, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, 5-დღიანი კონსტიტუცია დაემატა, ასეთივე ლიბერალური და თანასწორობაზე დამყარებული.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 106 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დამოკრატიული ფედერაციული რესპულიკა დაშლილად გამოაცხადა, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითა.
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია არ აღიარებდა პრივილეგირებულ რელიგიებს და სახელმწიფო ხაზინიდან კრძალავდა ფულის გაცემას ეკლესიის საჭიროებისთვის. იცავდა უმცირესობის უფლებებს, გენდერულ ბალანსსაც, – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში 5 ქალი მოხვდა. რუსეთის იმპერიიდან და 100-წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ამ გადასახედიდანაც კი, მისაბაძი დემოკრატიის აშენება საქართველომ 1921 წლის 25 თებერვლამდე მოასწრო, ამის შემდეგ იყო 70-წლიანი გასაბჭოება და ამ დრომდე რუსეთისაგან სრულად გათავისუფლებისთვის ბრძოლა.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისს მიიღო, რაც იმას ნიშნავდა რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ რუსეთის იმპერიის მონობაზე უარი თქვა და ასე შემოვიდა ევროპა, საქართველოში რუსეთის გვერდის ავლით.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალული იყო.
1918 წელს მოპოვებული დამოკიდებლობის აღდგენა საქართველომ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
პირველი რესპუბლიკის დაარსების დღესასწაულს ქვეყანა ყოველ 26 მაისს აღნიშნავს.