გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსი ნინო ლომჯარია თანამდებობას ტოვებს.
“გურიის მოამბემ” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ლომჯარია საქართველოს პარლამენტში, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროში დაიწყებს მუშაობას.
გავრცელებულ ინფორმაციას ნინო ლომჯარია არც უარყოფს და არც ადასტურებს :
“ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვერაფერს ვერ გეტყვით, კომენტარს არ ვაკეთებ” – ამბობს ლომჯარია
ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გურიის გუბერნიის პრესსამსახურად მუშაობდა. 2020 წლის არჩევნებზე კი, ვასილ ჩიგოგიძის პიარს ხელმძღვანელობდა.
როგორც ჩანს, დეპუტატმა ჩიგოგიძემ, მას შრომა დაუფასა და თავისთან მიყავს. აღსანიშნავია, რომ ლომჯარია ერთადერთი არ არის, რომელიც ჩიგოგიძემ გუნდისთვის შეარჩია.
როგორც ვწერდით, დეპუტატის ბიუროს უფროსის თანამდებობა ქეთი ვასაძეს ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძე არაერთხელ გახვეულა სკანდალში და ერთ-ერთი სკანდალი მის უდიპლომობასაც ეხებოდა.
ჩვენი წყაროს თქმით, ამ დანიშვნებმა ოზურგეთელ “მეოცნებეებში” დიდი განხეთქილება გამოიწვია. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, მათთვის გაუგებარია, რატომ შეაჩერა ჩიგოგიძემ არჩევანი ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც არც საკმარისი განათლება აქვთ და არც საკმარისი კომპეტენცია. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ოზურგეთის საკრებულოს პრესსაამსახურის ხელმძღვანელი ნათია ზედგენიძე პარტიაში თანამდებობაზე დანიშნეს და ხელფასიც გაუზარდეს, ფაქტია, რომ ოზურგეთის “მეოცნებეებში” დიდი ომი იწყება, რადგან ის ადამიანები, რომლებიც წლებია ოცნებისთვის იბრძვიან, უსამსახუროდ არიან და ორ-ორი სამსახური და დაწინაურება მხოლოდ ერთეულების ხვედრია.
თუმცა, როგორ არჩევენ ამ ერთეულებს, ეს, როგორც ავღნიშნეთ, ოზურგეთელი “მეოცნებებისთვისაც” კი გაურკვეველია.