აშშ-ის ჰელსინკის კომისია პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას განცხადებით ეხმაურება და გმობს საქართველოში “რუსული სტილის კანონის ამოქმედებას”.
განცხადებას ხელს აწერენ – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი და ჰელსინკის კომისიის წევრი და ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრი სტივ კოენი.
“რუსული კანონის იძულებითი განხორციელება საქართველოში, ქართველი ხალხის აბსოლუტური მკაფიო ნების მიუხედავად, გამიზნულია, როგორც საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისა და ხალხის ევროატლანტიკურ მომავალზე.
სინამდვილეში, ეს სისუსტის მანიშნებელია, რადგან თავისუფალი ხალხის სადამსჯელო იძულების მცდელობებს შედეგები მოჰყვება.
ეს არის შედეგი კრემლის მაქინაციებისა, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს დაიპყროს თავისი მეზობლები – განსაკუთრებით თავისი ძველი ცივილიზაციები უკრაინასა და საქართველოში, რომელთა ისტორია და კულტურაც მოსკოვამდელია, საკუთარი იმპერიალისტური მიზნებისთვის.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო.
კონგრესში ჩვენ მოუთმენლად ველით MEGOBARI Act-ის წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობა საქართველოს ხალხის ნებაზე ამ თავდასხმისთვის.
შეერთებული შტატები დგას ჩვენს მეგობრებთან, ქართველ ხალხთან, რათა დაიცვას ქართველთა თაობების შესრულებული სამუშაო თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას კანონპროექტში ასახული მექანიზმებით და სხვა [მექანიზმებით]”, – ნათქვამია განცხადებაში.