ჭავჭავაძემ სასუფევლიდან რომ შემოსძახოს, მავნებლობა გააჩერეთო, მასზეც იტყვიან, გავლენის ქვეშააო – არმაზ ახვლედიანი

”თუ დაგვიშლიან არჩევნების გზით გადაწყვეტილების მიღებას, ისინი „მაიდანს” მიიღებენ”  – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ ხელისუფლებას არაფერი გააჩერებს და მათთვის წერტილის დასმა მხოლოდ პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს შეუძლიათ.

მისივე თქმით, მთავრობას „ილია ჭავჭავაძემ სასუფევლიდან რომ შემოსძახოს, ეს პოლიტიკური მავნებლობა გააჩერეთო, მასზეც იტყვიან, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა”.

„ბოლო ხანებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება ვნახეთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მოიწონა. როგორც კი ითქვა, რომ შეიძლება „რუსული კანონის” საქმე სტრასბურგში შეიძლება წავიდეს, კობახიძემ თქვა, მათთვის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იმასაც იტყვიან, რომ თავად ეს სასამართლოც „გლობალური ომის პარტიის” გავლენის ქვეშაა. ეს უკვე პარადოქსია. ილია ჭავჭავაძემ სასუფევლიდან რომ შემოსძახოს, ეს პოლიტიკური მავნებლობა გააჩერეთო, მასზეც იტყვიან, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. ამათ ვერაფერი გააჩერებს. მათთვის წერტილის დასმა მხოლოდ პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, არჩევნების გზით შეუძლიათ. თუ არჩევანის უფლებას წაგვართმევენ, მაშინ სხვა კონსტიტუციური გზებიც ვიცით. თუ დაგვიშლიან არჩევნების გზით გადაწყვეტილების მიღებას, ისინი მაიდანს მიიღებენ. აქ საქმე საქართველოს ეხება.

ომში ჩართული ქვეყანა, მეგობარი გვეუბნება, რომ თქვენი რიტორიკა კრემლისას ერთი ერთში ჰგავსო. რუსეთში კი არ გავიღვიძეთ ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, არამედ რუსეთში ვართ ამათი მმართველობის პირობებში. რა უნდა კობახიძეს, რომ რუსული დროშა იყოს ქუჩებში? მისი მმართველობის პირობებში ამასაც მივიღებთ, ამიტომ არჩევნებამდე დარჩენილი თითზე ჩამოსათვლელი თვეების განმავლობაში ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ. „მაგრამ-ის” გარეშე უნდა ვისაუბროთ. ახლა ამის დრო არ არის. არცერთი პარტია არ ღირს იმად, რომ ეპოქალური შანსი ხელიდან გავუშვათ, ეს დანაშაულია. დღეს ვინც გულგრილია, დამნაშავეა, “შუაშისტობა” ყველაზე დიდი მავნებლობაა”, -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share