პრემიერი გახარია გუბერნიებში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. აღნიშნულ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად გადაყავთ. ანანიაშვილის შემცვლელად, შინაგან საქმეთა მინისტრი ორ კადრს განიხილავს _ დეპარტამენტის ამჟამინდელ პირველ მოადგილეს, ირაკლი მჭედიშვილს და სამეგრელო_ზემო სვანეთის დეპარტამენტის უფროსს ავთანდილ გალდავას. ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს ირაკლი ჭედიშვილი, რომლის თქმით, ანანიაშვილი ამჟამად სამსახურში არ იმყოფება, თუმცქ დეტალებზე, მათ შორის არ მის დანიშვნაზე ინფორმაციას არ ფლობს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ანანიაშვილო, რომელიც პრემიერს დღეს უნდა შეხვდეს.
არსებული ინფორმაციით, ანანიაშვილს გახარია მომდევნო კვირაში წარადგენს. ამავე კვირაში იგეგმება გურიის გუბერნატორის გათავისუფლებაც. როგორც ამბობენ, გიორგი გახარიამ, მამუკა ბახტაძის კადრს, გურულებისთვის სრულიად უცხო ზურაბ ნასარაიას ბუკნარში განვითარებული მოვლენების დროს ჩატარებული მუშაობა დაუწუნა და არც საყვედური დაუკლია.
გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებ ზურაბ ნასარაია, თუმცა, კითხვას, მიიღო თუ არა საყვედური ბუკნარში არაეფექტური მუშაობის გამო, არ პასუხობს და ჟურნალისტებს ტელეფონს უთიშავს.
შეგახსენებთ, რომ ბუკნარში 3დღიანი აქციების და დაპირისპირების დროა, გურიის გუბერნატორი მხოლოდ ერთ დღეს გამოჩნდა, აქციის მონაწილეებს საუბარი დაუწუნა _ “თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო”, ხელიც აუქნია და სოფელი დატოვა, რასაც ადგილობრივების პროტესტის უფრო გაღვივება მოჰყვა. ამის შემდეგ, გურიის გუბერნატორი ჩოხატაურს არც კი გააკარეს და როგორც გვითხრეს, ეს სწორედ გიორგი გახარიას დავალებით მოხდა.
კულუარული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პრემიერმა საბოლოოდ ნასარაიას სახლში გაშვება, თუმცა, ირკვევა, რომ გასაშვებთა სიაში მხოლოდ გურიის პირველი პირი არ არის _ გათავისუფლების მოლოდინში იმერეთის გუბერნატორიცაა.
ამ ეტაპზე უცნობია ვის განიხილავენ ნასარაიას შემცვლელად. როგორც ამბობენ, ამ საკითხზე კონულტაციები მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს უნდა გაიმართოს.