პროკურატურა იმ მოტივით, რომ ვაკრიტიკებ მთავრობას, ჩემს შვილთან საპროცესო გარიგებაზე არ წავიდა –

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მისი მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის გამო მის შვილს საპროცესო გარიგება არ გაუფორმა პროკურატურამ.

ელიზბარაშვილის თქმით, დაზარალებული მხარე საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა იყო, თუმცა პროკურატურამ უარი განაცხადა.

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას ეს წინასწარ შეუთვალეს, რომ თუ გააგრძელებდა ხელისუფლების კრიტიკას, მაშინ მის შვილს საპროცესო გარიგებას არ გაუფორმებდნენ.

”ჩემი შვილი 8 თვეა ციხეშია, რა იკადრეს ამ პატარა კაცუნებმა, შემომითვალეს, რომ თუ არ გაჩუმდები და თუ გააგრძელებ ჩვენს კრიტიკას, შენს შვილთან საპროცესო გარიგებას არ გავაფორმებთ. მე კაცი ვარ და თავმოყვარეობა მაქვს, მუქარის ენით დაელაპარაკონ თავისი ოჯახის წევრებს. დღეს იყო სასამართლო, დაზარალებული არის ყაზახი ეროვნების და ის ყაზახი მოვიდა, გვქონდა საუბარი და თქვა, რომ მადლობა ღმერთს, ორივე გადავრჩით, თქვენს შვილს 4 შვილი ჰყავსო, სამი არასრულწოვანი მათ შორის, მე მზად ვარ რომ ვაპატიო, შევუნდო, თან ჩემი შვილი აღიარებს ამ დანაშაულს და მზად ვარ, ნოტარიულად გააფორმა, რომ საპროცესო შედგეს თქვენს და პროკურატურას შორის და პროკურატურამ იმ მოტივით, რომ ვაკრიტიკებ მთავრობას, უარზე წავიდა და ითხოვს, მაქსიმალური მისცენ ჩემს ბიჭს. როგორი პატარა კაცუნები არიან, რა უნდა ელაპარაკო,” – ამბობს ელიზბარაშვილი.

როგორც ელიზბარაშვილი ამბობს, არიან ხელისუფლებაში ისეთი მაღალჩინოსნები, ვინც ამ ძალადობას და ქვეყნის კურსის ცვლილებას არ ეთანხმება და იმედოვნებს, რომ ეს ადამიანები პოზიციას ღიად დააფიქსირებენ.

”არიან ხალხი ოცნების ხელისუფლებაში, ასეთი მიდგომა – ახალგაზრდების ცემა, დაუსჯელი ტიტუშლკები და ის პოლიციელები, ვინც კრიმინალი ჩაიდინეს, ეს არ მოსწონთ, იქ პატარა ვიწრო წრეში ხდება ამაზე საუბარი. მე თავს შევიკავებ სახელის და გვარის დასახელებისგან, კარგად ვიცნობ, ვიცი, რომ ძალიან არ მოსწონთ, მოვა დრო, რომ დაინახავენ გამოვიდნენ ასპარეზზე, გამოვიდნენ და თქვან, ამას აუცილებლად გააკეთებენ, შვილები ჰყავთ და არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ეს პატარა თაობა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდნენ,“ – ამბობს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, არადა ხელისუფლების ვალდებულებაა, დანაპირების შესრულება.
ელიზბარაშვილი წახალისებულ ძალადობასა და დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს.

მონობა იწყება სიჩუმიდან, თუ ჩვენ ჩუმად ვიყავით, ხმა არ ამოვიღეთ, არ შევძახეთ მთავრობას, რამე თუ არ მოგვწონს, გამოდის, რომ მონები ვართ..
ქართული ოცნება ხიბლშია, თანამდებობა ეტყობა ისეთ ხიბლს ქმნის ადამიანებს, რომ აღარ უნდათ მისი დათმობა.
როცა ჩვენ ავირჩევთ ხელისუფლებას, აუცილებლად მას უნდათ მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რომ რაც შეგვპირდა, ის უნდა შესრულონ, აქედან დაიწყო ჩემი აქტიური კრიტიკა „ოცნების“ მთავრობის მისამართით, რაც დაგვპირდნენ 2012 წელს, დღემდე არ არის შესრულებული – არც უფასო ფულია, არც ფეხზე დაყენებული სოფლის მეურნეობა, სად არის ის ქარხნები, სამოთხეში უნდა ვცხოვრობდეთ და რომ ვიყურებით ფანჯარაში, ანგელოზის ფრთებით ვერ ვხედავ ადამიანებს,” – ამბობს ელიზბარაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share