ლალი სიჭინავას დანიშვნის ბრძანება შეჩერებულია-სამინისტრო იმედაშვილის აპელაციას განიხილავს

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსად ლალი სიჭინავას დანიშვნა განათლების სამინისტრომ შეაჩერა.

უწყება,  რესურს ცენტრის ყოფილი უფროსის, ლელა იმედაშვილის სააპელაციო საჩივარს განიხილავს, საჩივრის განხილვამდე კი რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობას კვლავ ლელა იმედაშვილი ასრულებს.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს”, საქართველოს განათლების სამინისტროდან, კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა.

ამილახვარის უწყებას იმედაშვილი უჩივის და მიიჩნევს, რომ ლალი სიჭინავას დანიშვნა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა.

პირველ ეტაპზე იმედაშვილმა გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში გაასაჩივრა და იმ შემთხვევაში თუ მისი აპელაცია არ დაკმაყოფილდა ის სასამართლოს მიმართავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, იმედაშვილი კონსულტაციებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გადის და შესაძლოა ამ ორგანიზაციამ დაიცვას კიდეც მისი უფლებები სასამართლოში,

თავად იმედაშვილი ჩვენთან საუბარში კომენტარს არ აკეთებს და დროს ითხოვს:

“ველოდები მოვლენების განვითარებას და განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ” გვიპასუხა მან.

ამასობაში ოზურგეთში გრძელდება სამეურვეო საბჭოებში დირექტორების არჩევის პროცესი.

ლაითურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად ეკა ნინიძე აირჩია.

ქალაქ ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლამ ლელა საჯაია.

სამინისტრომ უარი უთხრა წარდგენაზე დოდო გოთუასა და მზია ვაშალომიძეს.

ქვედა ბახვის სკოლის ყოფილი დირექტორი, ბახვის საჯარო სკოლის დირექტორობაზე ითხოვდა წარდგენას, ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი კი ქვედა ბახვის სკოლაში.

აქედან გამომდინარე ორთავე, თავიანთ ყოფილ სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად დარჩნენ.

კლავ ვერ მიიღო საკმარისი ხმები, ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლაში დირექტორობის მსურველმა ხათუნა ლომთაძემ, მისი კანდიდატურა, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭომ ჩააგდო, მიიღო რა 14 წევრიდან ერთადერთი ხმა, ისიც, საბჭოში მყოფი მერიის წარმომადგენლისაგან.

თუმცა, დიდი ალბათობით, როგორც ჩვენ განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, მინისტრი ისარგებლებს კანონით მინიჭებული უფლებით და ლომთაძეს ამ სკოლაში პირდაპირი წესით დანიშნავს.

ასკანაში კი ეკა ქუთათელაძე აირჩიეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share