ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ ერთობის წევრი, ალექსი პეტრიაშვილი იმ კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს, თუ რის გამოც დაბრუნდა პოლიტიკაში.
პეტრიაშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებას ერთადერთი მოტივაცია, საქართველოში რუსული რეჟიმის დასრულება ედგა წინ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ახლა დროა, საკუთარ კოლეგებთან და საზოგადოებასთან ერთად სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით იმუშაოს, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ძალაუფლებას დააკარგვინებს.
”მე არ მაქვს უფლება, რომ კვლევითი საქმიანობით დავკავდე მხოლოდ, რადგან ახლა მთავარია, რომ ყველამ, ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ ქვეყანა ევროპისკენ. ეს შეიძლება, მოხდეს 26 ოქტომბერს, რეფერენდუმის სახით. საზოგადოება ითხოვს ახალ ადამიანებს, ვის მიმართაც მათ აქვთ ნდობა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, იყოს მათთვის გზავნილი, სტიმულის მიმცემი. აუცილებლად მექნება მათთან საუბრები, რომ გაფართოვდეს ის სივრცე, რომელსაც პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ საკუთარი ცოდნით და პროფესიონალიზმით ერთად უნდა გადავეშვათ”, – ამბობს პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, პარტია “დროას” ალექსი პეტრიაშვილი დღეს, 17 ივნისს შეუერთდება. ამის შესახებ მან საგანგებ ბრიფინგზე განაცხადა.
პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობაა და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდება.