ეს ბიჭები, რომლებიც თვალანთებულები შესცქეროდნენ რონალდუს, რამდენიმე დღეში მათ დაუპირისპირდებიან – რომან ფიფია

“ეს ბიჭები, რომლებიც თვალანთებულები შესცქეროდნენ კრიშტიანუ რონალდუს, რამდენიმე დღეში მათ დაუპირისპირდებიან” – ამის შესახებ განცხადება თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გააკეთა.

რომან ფიფიამ წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე გასულ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და სამომავლო თამაშებთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი “მოლოდინები პოზიტიურია”.

”მოლოდინები პოზიტიურია, რადგან ამ ბიჭებმა ჩააბარეს ყველაზე დიდი გამოცდა, გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ახლა ისევ ყველაფერი იწყება თავიდან. ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ხვალინდელ თამაშზე. ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან შეკრული გუნდია. პირველ რიგში, ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ალექსანდრე იაშვილის სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც შექმნა ის გარემო და გუნდურობა, რაც დღეს სუფევს ეროვნულ ნაკრებში. ეს ბიჭები, რომლებიც თვალანთებულები შესცქეროდნენ კრიშტიანუ რონალდუს, რამდენიმე დღეში მათ დაუპირისპირდებიან. წარმოიდგინეთ, რა ემოციებზეა საუბარი”, – ამბობს რომან ფიფია.

18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი – ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე გამართავს. ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share