მსახიობი ილო ბეროშვილი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და მის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ულოცავს და ამბობს, რომ მიღებული შედეგი, რომელსაც ქართველი ერი 30 წელი ელოდა, ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა.
“ევროპა ჩვენი ყოველდღიურობა გახდა და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი ნაკრები ყველაზე ევროპული გუნდია” – აცხადებს ილო ბეროშვილი და იქვე ამატებს, რომ წინამორბედებთან შედარებით, დღევანდელ ქართველ სპორტსმენებს ევროპული სტანდარტები გააჩნიათ.
მსახიობი წარმატებას უსურვებს მოთამაშეებს და დასძენს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს ასპარეზს ევროპის ჩემპიონატზე დიდი დატვირთვა გააჩნია.
”ვულოცავ იმ დიდ პატივს, რომელიც ჩვენ გვერგო ჩვენი ფეხბურთელების დიდი გარჯის შედეგად. ვულოცავ ხვალინდელ დიდ დღეს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ნაკრების წარმატებაში წვლილი აქვს შეტანილი. როდესაც ასეთი წარმატება მოდის ჩვენნაირი ქვეყნისთვის, ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. ეს არ არის მხოლოდ გატანილი გოლები. ამ წარმატებაში დიდი შრომაა ჩადენილი და მადლობა საქართველოს ნაკრებს ამისთვის. ძალიან სიმბოლურია ის, რომ ჩვენ ყოველ დღე, არის თუ არა ეს ფეხბურთთან დაკავშირებული, სიტყვა ევროპა ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ხშირად ახსენებენ ევროპას, დასავლეთს და მე მესმის, რომ ასეთ დროს უამრავი ადამიანისთვის ჩვენ გამოსვლას დიდი დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ჩვენი ფეხბურთელები მოწინავე რიგებში თამაშობდნენ, სიმბოლურია ის, რომ ჩვენი დღევანდელი ნაკრები ყველაზე ევროპული ნაკრებია. მათი სტანდარტები, რომლებიც ამ ბიჭებს აქვთ, ეს არის პირველი ნაკრები, რომლებიც ნამდვილად ევროპული გუნდია”, – ამბობს ილო ბეროშვილი.