მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეების ექსკურსია ბათუმში

 

2

2024 წლის 15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა (38 მოსწავლე) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას (13 მოსწავლე) საჯარო სკოლების (8, 9, 10, 11, 12 კლასი) მოსწავლეები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ. ექსკურსია, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ტრენერებმა, ხათუნა იოსავამ და გიორგი ბერეჩიკიძემ, მთელი წლის მანძილზე სკოლის სივრცეში განახლებადი ენერგიებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული შეხვედრები, ბათუმის ბოტანიკურ პარკში შეაჯამეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოტანიკურ ბაღში დაცული ბიომრავალფეროვნების ნიმუშები – ციტრუსოვანთა, ხეხილ-კენკროვანთა, კამელიების, ვარდების, ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა კოლექციები, გაეცნენ ჰერბარიუმის ფონდსა და პარკის არსებობის საუკუნოვან ისტორიას. ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის ექკურსია სპეციალურად მათთვის,  შემუშავებული გასართობ-შემეცნებითი პროგრამით გაგრძელდა და პიკნიკით დასრულდა.

მეგი კაპანაძე – მთისპირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:

„ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მთისპირის საჯარო სკოლაში გვაძლევდა საშუალებას მეტი ინფორმაცია მიგვეღო განახლებადი ენერგიის შესახებ, რამაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერებს ამ ყველაფრისთვის. წლის მანძილზე ვატარებდით სხვადასხვა აქტივობებს, თუნდაც დღევანდელი დღე ავიღოთ, ძალიან ნაყოფიერი იყო. დავათვალიერეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და გავეცანით აქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას“.

საბა ბერიძე – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე:

„ჩხაკაურას საჯარო სკოლაში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ გავიღრმავეთ ცოდნა, ვისწავლეთ ტყესთან ურთიერთობა, ზოგადად გარემოს მნიშვნელობა შევიმეცნეთ. განვახორციელეთ ბევრი საინტერესო პროექტი, მაგალითად გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებში ჩვენი სკოლის წინ დავრგეთ ნერგები და ახლა ვუვლით. უკვე მეორე წელია დავდივარ ტრენერების მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებზე. შარშან ვნახეთ ვანის ნაქალაქარი, წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი. იმედი მაქვს კიდევ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ჩვენ კი, ჩენის მხრივ მცდელობებს არ დავაკლებთ, რომ ვისწავლოთ და გადავცეთ ჩვენი ცოდნა ჩვენს მეგობრებს თუ ნატესავებს“.

„თითოეული აქტივობა, რომელიც ტარდება ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია. პროგრამა ჩვენს ტრენერებთან ერთად ძალიან დეტალურადაა გაწერილი. გვინდა, რომ პროცესი საინტერესოც იყოს და სახალისოც ახალგაზრდა თაობისთვის. საკლასო აქტივობების პარალელურად, სადაც ვსაუბრობთ გარემოს დაცვასა და განახლებად ენერგიებზე, ასევე, გარკვეულწილად პროფესიულ ორიენტაციასაც ვუკეთებთ მოსწავლეებს, გვაქვს გასვლითი ღონისძიებები და ერთჯერადი აქციები. ექსკურსია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და გარკვეულწილად შეჯამებაა წლის მანძილზე გავლილი მასალის. ასევე, წელს გვქონდა ორი გარემოსდაცვითი აქტივობა, ხეების დარგვის აქცია დედამიწის დღეს და ნარჩენების სეპარირების ურნების განთავსება სკოლებში. ბავშვები ძალიან აქტიურობენ როგორც მთისპირში, ასევე ჩხაკაურაში. წელს ეკო კლუბიც შევქმენით და ეკო ელჩებიც ავირჩიეთ, რომელთა მოვალეობაა გარემოსდაცვის და განახლებადი ენერგიების მიმართულებით საზოგადოების განათლება.  აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის პედაგოგებს, რადგან მათი აქტოვობის და მონდომების გარეშე, გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელება. ბედნიერ არდადეგებს ვუსურვებ ბავშვებს, აბიტურიენტებს კი წარმატებებს მისაღები გამოცდების ჩაბარებისას“, განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოსდაცვის და სოციალური პროექტების მენეჯერმა.

ტრენინგ კურსი ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან წარმატებით ხორციელდება.  შეხვედრები, მთელი წლის მანძილზე, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება. პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ, 9, 10, 11, 12 კლასების მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიული ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share