აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შსს- ში დაუდასტურეს.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share