კონტაქტების შემცირება და თანხების გაყინვა – EU-ს რამდენი ქვეყნის თანხმობაა საჭირო შეზღუდვების დასაწესებლად

არის თუ არა საჭირო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაყინვასთან დაკავშირებით? – ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი “მწვანეთა პარტიიდან”, თამარ გუგულაშვილი “საჯარო პოლიტიკის” ეთერში იმ პროცედურულ მხარესთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც ევროპულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეზღუდვების დაწესებამდე უნდა გაატაროს.

თამარ გუგულაშვილი განმარტავს, რომ საქართველოსთან უმაღლესი დონის შეხვედრების შეჩერებას და ხელისუფლებისთვის დაფინანსებების შეწყვეტას, მხოლოდ და მხოლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორი მესამედის თანხმობა სჭირდება.

ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩევლის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი ლიდერები კონკრეტული პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრებას გადაწყვეტენ, ამისთვის 27-ვე ქვეყნის სრული თანხმობა იქნება აუცილებელი.

მაგალითად, დღესდღეობით ვართ ევროკავშირთან იმ თანამშრომლობის ეტაპზე, რომ ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი, ამ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე 14 სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. იმ სამი ზომის შესახებ, რომელიც ბორელმა ჩამოთვალა, რომელზეც ელოდება, რომ ხუთშაბათს ან პარასკევს იქნება დასკვნა გამოტანილი, არცერთს არ სჭირდება 27 ქვეყნის თანხმობა. თანხების გაყინვას და უმაღლესი დონის შეხვედრების შეჩერებას სჭირდება ქვეყნების ორი მესამედი, რომელიც ძალიან მარტივად მიიღწევა. ასევე 27 ქვეყნის სრული თანხმობა სჭირდება, როდესაც სანქციების პაკეტები მიიღება ინდივიდუალურ პირების წინააღმდეგ. როგორც წესი, თუ მაგალითად შენგენის წევრი რომელიმე ქვეყანა სამოგზაურო სანქციებს აამოქმედებს ინდივიდუალური პირების მიმართ, შენგენის წესის მიხედვით იგივე ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც, რადგან ჰარმონიზაცია ხდება”, – ამბობს თამარ გუგულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share