აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მე-10 მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანი იკავებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.
2021 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წილოსანი ფლობს თბილისში ორი არასაცხორებელი ფართის წილებს; დედაქალაქში მდებარე ორ ბინას; ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს ურეკში. ამასთან, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი Toyota. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე – 2 786 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 30 000 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე 2020 წელს – 54 871 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, წილოსანი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა, ისინი მართვის უფლებით სხვა პირზე აქვს გადაცემული.
სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, ისინი მისი მეუღლის საკუთრებაშია. კერძოდ, მეუღლის სახელზე ფიქსირდება : 3 ბინა (თბილისში, მცხეთასა და წყნეთში), მიწის ნაკვეთი საგურამოში, 2 ფართი თბილისში; მსუბუქი ავტომობილი – ბმვ X 5. ფლობს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციებს. ამასთან, არის რამდენიმე კომპანიის პარტნიორი საქართველოში, ასევე აშშ-სა და ჩეხეთში. მისმა შემოსავალმა კი 2020 წელს ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციაზე – 8 131 ლარი; რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე კი 17 140 ლარი შეადგინა.