პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად მკაცრი კომენტარისა, რეალურად, შტატების პოზიცია გაცილებით მძაფრია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა და მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტა “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ლოგიკური პასუხია.
”როდესაც დიპლომატი ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ამერიკის პოზიცია სამჯერ უფრო მკაცრია. პოლიტიკური ვითარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ისედაც ამ ძალიან მკაცრი ენით გვითხრა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა. ეტყობა, ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა გათვლას, რომ ისინი დაიტოვებდნენ მილიონობით ევროს, რომელსაც ჩვენ გვიგზავნის გერმანია, საფრანგეთი და ორგანიზაციებს ან პირებს, რომლებიც ევროპულ გრანტებზე არიან, ჩამოართმევდნენ დაფინანსებებს. ეს მითი დაიმსხვრა, რადგან ითქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ უკაცრავად, თქვენ ბიძიკოებო უნდა დაგველოდოთ და ჩამოყალიბდეთ, საით ხართ”, – ამბობს დოლიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დასავლელმა დიპლომატმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, მედიაორგანიზაციებთან და მესამე სექტორთან გამართა. უზრა ზეიას ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ჰქონდა.