“ვართ ეგზისტენციალური მნიშვნელობის უკიდურესად მძიმე წერტილში” – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, საბა ბუაძემ “დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
ბუაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარდება რეფერენდუმი, რომელმაც “ამ ქვეყანაში საბჭოთა და რუსული პოლიტიკური მემკვიდრეობა უნდა გაარღვიოს“.
”შემაშფოთებელი წერტილზე ვართ, რადგან ეს ყველაფერი არის დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენ ვართ ეგზისტენციალური მნიშვნელობის უკიდურესად მძიმე წერტილში, საიდანაც ქართველი საზოგადოება უნდა შემოტრიალდეს. ვხედავთ როგორი კონტექსტი არის, ვხედავთ ნატოს სამიტი მიმდინარეობდა, სადაც გაქრა საქართველოს შესახებ ჩანაწერები, რაც არის ივანიშვილის წარმოდგენის ასახვა ნატოსთან მიმართებით და რუსული საგარეო პოლიტიკის გამეორება, რადგან ზუსტად რუსეთისთვის არის ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მიუღებელი”, – ამბობს ბუაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დასავლელმა დიპლომატმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, მედიაორგანიზაციებთან და მესამე სექტორთან გამართა. უზრა ზეიას ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ჰქონდა.