“მე არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ბევრი საჭირო საქმე გამიკეთებია” – ამის შესახებ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, იყო თუ არა ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს “ქართული ოცნების” მიერ საგარეო ვექტორის ცვლილების შემაკავებელი.
გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია ეტაპობრივად გახდა სისტემური.
”ახალი გადამდგარი ვიყავი, როცა ჩემი ყოფილი კოლეგები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, თქვენები ჩამოდიან და რაღაც მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენო. ეს მცდელობები სწორედ მაშინ დაიწყო. ეს არჩევანი დღევანდელ “ოცნებას” 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაუდგა – გადავიხადო ნებისმიერი ფასი, ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, ქვეყნის საგარეო კურსი, კორუფცია, შევინარჩუნო ძალაუფლება ნებისმიერ ფასად თუ დავთმო, ეს გადაწყვეტილება სწორედ მაშინ უნდა მიღებულიყო”- თქვა გახარიამ.
რაც შეეხება გადამწყვეტ არჩევნებს, გიორგი გახარიას განცხადებით, “ახლა არის ჩვეულებრივი მოლოდინი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რა მოხდება არჩევნებზე ეყოფა თუ არა „ოცნებას“ ჯანსაღი აზრი, თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე მაინც, რომ ნორმალური არჩევნები ჩაატაროს, თუ არა და ისინი საბოლოოდ არიან ჩიხში”.
გიორგი გახარიას თქმითვე, “ივანიშვილი უკვე თავისი შეცდომების ტყვეობაშია”.