რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დონალდ ტრამპის თავდასხმის საქმეზე? – “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, საბა გუჯაბიძე “პირველი ხაზის” ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ შენობა, რომლის სახურავზეც 20 წლის დამნაშავე იმყოფებოდა, ტრამპის გამოსვლამდე ადგილობრივ პოლიციას უნდა შეემოწმებინა.
ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას, შემოწმდა თუ არა სამართალდამცველების მიერ როგორც მიმდებარე, ასევე უშუალოდ ის კონკრეტული შენობა, რომლიდანაც თავდამსხმელმა საბედისწერო გასროლა განახორციელა.
საბა გუჯაბიძე იმასაც დასძენს, რომ ახლა გამოძიების საგანია, აპირებდა თუ არა მეთიუ კრუკსი იმ ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას, რომლებიც ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა მის ავტომობილში იპოვეს.
”ცნობილია გარკვეული დეტალები. შენობა, რომლის სახურავზეც თავდამსხმელი იმყოფებოდა, ადგილობრივ პოლიციას უნდა შეემოწმებინა. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ თავდამსხმელმა თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში შეიძინა საჭირო ამუნიცია. გამოძიება არკვევს, თუ ეს კონკრეტული მჭიდები რომელი იარაღისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ვიცით, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ორი იარაღი. ერთი თან ჰქონდა, მეორე ავტომობილში და ასევე იყო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ასევე გამოძიების საგანია, აპირებდა, თუ არა, ან იყო თუ არა გეგმაში, რომ ამოქმედებულიყო ეს ასაფეთქებელი მოწყობილობები”, – ამბობს საბა გუჯაბიძე.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის.
ეროვნული უსაფრთხოების მარცხი – ასე შეაფასა უსაფრთხოების მდივანმა დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რომელმაც ამერიკაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მოქმედი პრეზიდენტი საიდუმლო სამსახურის მუშაობის შესწავლას ითხოვს. ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო სტრატეგიასაც ცვლის და უარს ამბობს კონკურენტზე თავდასხმებზე. ახლა მთელი ქვეყანა გამოძიებას ელოდება. ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას უკვე მიეცა შიდა ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია. შედგენილია მეთიუ კრუკსის ფსიქოლოგიური პორტრეტი, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ უფრო მეტს მისი ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გაიგებენ, მათ შორის, თავდასხმის მოტივს და იმასაც, ჰყავდა თუ არა კრუკს თანამზრახველები.